თავში

როგორ უნდა ვითარდებოდეს აგროდაზღვევა

როგორ უნდა ვითარდებოდეს აგროდაზღვევა
როგორ უნდა ვითარდებოდეს აგროდაზღვევა

აგროდაზღვევაში არსებული პრობლემის მთავარ მიზეზად აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე სწავლების დაბალ დონეს და ინფორმაციის დეფიციტს მიიჩნევს. მისი თქმით, სამეწარმეო უნარ-ჩვევები სათანათოდ უნდა განვითარდეს, რომ ფერმერს აგროდაზღვევის მიმართ ინტერესი გაუჩნდეს. 

,,ყველაზე სწორი, ერთადერთი მიდგომა არის სწავლებაში, ფერმერების დარწმუნება, რომ დაზღვევა შედეგს მოიტანს. ხალხს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ დაზღვევით სარგებლობა არის ფულის ტყუილი ხარჯვა. შეიძლება, ფულს იხდიდე, მაგრამ მოსავალს არ შეექმნას პრობლემა და სადაზღვევო თანხის მიღება არ მოუწიოს, ასეც ხდება, ამით დაიმედებულები არ აზღვევენ მოსავალს, რაც მავნე პრაქტიკაა. ცხადია, ეს არ ეხება ყველას, რეგიონებში, სადაც სტიქიური პრობლემები დიდია, მაგალითად, კახეთში, დაზღვევის სქემაში მონაწილეობას ბევრი ცდილობს, განსაკუთრებით, ვინც სტრატეგიული პროდუქტს, ამ შემთხვევაში, ყურძენსა და ხორბალს აწარმოებს. სამეწარმეო ნიჭი მათ უფრო მეტად აქვთ განვითარებული მცირემიწიან ფერმერებთან შედარებით, რომლებსაც წლიდან წლამდე კმარი მოსავალი მოჰყავთ. ზარალის შემთხვევაში კი, კომპენსაციას სახელმწიფოსგან ითხოვენ. იოლ გამოსავალს ეძებს ხალხი, ურჩევნით, ღვთის იმედად, ბუნების ნებაზე მიუშვან მოსავალი, ვიდრე სადაზღვევო სერვისებით ისარგებლონ ", - ამბობს აროშიძე.

კიდევ ერთი პრობლემა, რის გამოც ხალხი აგროდაზღვევით ნაკლებად სარგებლობს, აროშიძის თქმით, სადაზღვევო კომპანიების მიმართ უნდობლობაა.

,,თანხის გაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე ცუდი მაგალითია და ეს ჩრდილს აყენებს სადაზღვევო ინსტიტუტის საქმიანობას. სწავლება უნდა იყოს მიმართული, რომ გადახდილი თანხა მოსავლის დანაკარგს დააკომპენსირებს. ისრაელში და სხვადასხვა ქვეყანაში არის სავალდებულო დაზღვევა და ისეთი პროგრამები მოქმედებს, რომელიც ჩვენთან წარმოუდგენელია. კომპანიებს უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა უნდა ჰქონდეთ. უფრო ფართოდ გაშალონ თავიანთი საქმიანობა. დაზღვევის სარგებლიანობაში გლეხების დარწმუნება არის რთული და ამიტომ აგროდაზღვევა წარმატებით ჯერჯერობით ვერც ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ვერ განხორციელდა. სწავლების, კონსულტაციის დონეზე უნდა ვითარდებოდეს დარგი, სავაჭრო-სამრეწველო პალატამაც მეტი პროპაგანდა გასწიოს, ურიგო არ იქნება, თუ ეს სტრუქტურა საქმიანობას ამ მიმართულებითაც გააქტიურებს", - ასეთია აგროექსპერტის მოსაზრება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 30 ოქტომბრის მონაცემებით, გაცემულია 17,000-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 18,000 ჰექტარზე მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 160 მლნ ლარს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system