თავში

როგორი დახმარება სჭირდებათ საქართველოს სოფლებს ევროკავშირისგან

როგორი დახმარება სჭირდებათ საქართველოს სოფლებს ევროკავშირისგან
როგორი დახმარება სჭირდებათ საქართველოს სოფლებს ევროკავშირისგან

თეორიული, ინტელექტუალური სწავლება და ტექნოლოგიების დახვეწა - მთავარი ფაქტორება, რომელიც დღეს ქართული სოფლების განვითარებას აფერხებს. როგორც აგროექსპერტი ანზორ მესხიშვილი report.ge-თან ამბობს, მოსავლიანობის სიმცირეს ძირითადად სწორედ ცოდნის დეფიციტი განაპირობებს და ამ მიმართულებით ევროკავშირისგან დახმარების მიღება დარგს დიდ სარგებელს მოუტანს.

,,ევროკავშირი ქართული სოფლების მიმართულებით ძირითადად ფინანსური დახმარებით შემოიფარგლებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა დიდი პრობლემა გვაქვს ინტელექტუალურ რესურსთან დაკავშირებით, ცოდნის აშკარა დეფიციტია. ამით არის გამოწვეული, რომ ხშირად შრომას, თავდაუზოგავსაც კი, შედეგი ნაკლებად მოაქვს. დახმარების დიდი ანწილი უნდა მოხმარდეს სემინარებს და ტრენინგებს, პროფესიულ გადამზადებას და ამის შესაბამისად განვითარდეს დარგი. პირველ რიგში, გლეხები უნდა დაინტერესდნენ კვალიფიკაციის ამაღლებით, ევროკავშირის საქმიანობა ამ მიმართულებით დიდ შედეგს მოიტანს. მთავარია ყურადღება მიექცეს ამა თუ იმ რეგიონის, სოფლების საჭიროებებს და ინდივიდუალურად შეისწავლონ არსებული პრობლემები, ხოლო მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა დაინტერესდეს, რომ მსგავსი პროექტებით ისარგებლოს და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დაინერგოს", - ამბობს მესხიშვილი.

აგრარულ სფეროში თეორიული ცოდნის დეფიციტზე აკეთებს აქცენტს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე. როგორც ის report.ge-თან აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, სწორად დაისახოს პროგრამები, კვალიფიკაციას მიექცეს ყურადღება და პრობლემის მიზეზიც იქნას გამოკვლეული, რათა დახმარებების პაკეტი სწორად შემუშავდეს.

,,ევროკავშირის როლი ქართული სოფლების განვითარებაში გადამწყვეტიც შეიძლება იყოს, ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნის ამაღლებას, რაც შემდეგ უკვე მოსავლიანობაზეც აისახება. მთავარია, სწორად დაისახოს პროექტები, რაშიც დიდი ფული იხარჯება.  შედეგი რეალურად არ გავქვს და გაანალიზებულიც არ არის, რა იწვევს ასეთ დიდ ჩამორჩენას დარგში, რა პრობლემებია, ამას სისტემური მიდგომით ეშველება, სწორი აგრარული პოლიტიკით, რაც დღემდე გამოწვევაა. სხვა შემთხვევაშიც, ევროკავშირი ან ვინც არ უნდა იყოს, ახალი მილიონები დაიხარჯება და ისევ შეცდომას დაუშვებენ.  უნდა გაანალიზდეს, რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას აგრარულ სექტორში, რათა ერთხელ და საბოლოოდ სწორი ორიენტირი ავიღოთ. ჩემი აზრით, სწორი იქნება, თუ აქცენტი კვალიფიკაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე გაკეთდება. ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ ამ მიმართულებით ვაწყდებით", - აცხადებს კობა კობალაძე.

ცნობისთვის, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზაობას უწყვეტ მხარდაჭერაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გასაძლიერებლად, რათა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები სოფლად. ამის შესახებ აღნიშნულია ასოცირების საბჭოს სხდომის ერთობლივ პრესრელიზში.

„ევროკავშირმა დაადასტურა მზაობა, განაგრძოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებზე დაყრდნობით. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გაძლიერების კუთხით, რათა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები სოფლად. ასოცირების საბჭომ აღნიშნა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის მნიშვნელობა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system