თავში

როგორი ზედამხედველობაა ფინანსურ სექტორზე პანდემიისას

როგორი ზედამხედველობაა ფინანსურ სექტორზე პანდემიისას
როგორი ზედამხედველობაა ფინანსურ სექტორზე პანდემიისას

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ პანდემიისას გატარებული საზედამხედველო ღონისძიებები დეტალურად განმარტებულია სებ-ის ანგარიშში იმ საგანგებო ღონისძიებების შესახებ, რაც მან COVID-19-თან დაკავშირებით გაატარა.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, კომერციულ ბანკებს შეუმსუბუქდათ კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიიმართოს პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად.

სებ-ის განცხადებით, კომერციულმა ბანკებმა მსესხებლებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზეს, აღნიშნული საშეღავათო პერიოდის შეთავაზებულ აქციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეარბილა საზედამხედველო მოთხოვნები, რათა მოქალაქეებისათვის ვალდებულებათა გადავადების პროცესში ბანკებს მაქსიმალური მოქნილობა ჰქონოდათ, აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი.

"2020 წლის ივნისში ასამოქმედებელი "რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება" 1 წლით გადაავადდა. აღნიშნული საშუალებას მისცემს ბანკებს არ შეწყვიტონ რეალური ეკონომიკის დაკრედიტება მკაცრი ლიმიტებით და განაგრძონ აქამდე არსებული წესების ფარგლებში მუშაობა. აღსანიშნავია, რომ დებულების ივნისში ამოქმედებისა და შესაბამისად, ლიმიტების საზედამხედველო კაპიტალის ნაცვლად, პირველად კაპიტალზე გაანგარიშების შემთხვევაში, 5 ბანკს ერღვეოდა ტოპ 1 მსესხებელთა ჯგუფის 25%-იანი ლიმიტი, რაც ჯამურად 109 მლნ ლარს შეადგენს. ეროვნულმა ბანკმა შეაჩერა ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ადგილზე შემოწმება (გარდა ფულის გათეთრების კუთხით მიმდინარე შემოწმებებისა, რომლებიც ამ ეტაპზე, დისტანციურად მიმდინარეობს). გამარტივდა დაკრედიტების პროცედურები, რის მიხედვითაც დროებით არ მოითხოვება უძრავი ქონების შეფასება ადგილზე მისვლის გზით. შერბილდა მოთხოვნა ფინანსური უწყისების განახლებასთან დაკავშირებით," - განმარტავს სებ-ი. 

პანდემიის პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე გამოაცხადა დროებითი მორატორიუმი, რათა ბანკებს საშუალება ჰქონდეთ რესურსების მაქსიმალური მობილიზება არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ გააკეთონ.

"მიმდინარე შოკის გავლენიდან გამომდინარე (მაგ. კურსის გაუფასურება, რეზერვები/ზარალები), საქართველოს ეროვნული ბანკი არ გამოიყენებს საჯარიმო სანქციებს. აღნიშნული ეხება მხოლოდ ეკონომიკური ლიმიტების (კოეფიციენტების) დარღვევას და არ ეხება სხვა ტიპის საკანონმდებლო დარღვევებს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ანგარიშგების წარდგენის ვადამ ორი თვით, მიმდინარე წლის 31 მაისამდე გადაწია, რაც მათი საქმიანობის აღდგენის ვადის გახანგრძლივებითაა განპირობებული. ასევე, 45 დღით (მიმდინარე წლის 30 ივნისამდე) გახანგრძლივდა ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა. შემუშავდა და დამტკიცდა ახალი წესი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს თანხა ბანკომატის გარდა გაანაღდოს სავაჭრო ობიექტების (აფთიაქი, სურსათის მაღაზია) POS ტერმინალებიდანაც," - განმარტებულია სებ-ის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system