თავში

როგორია COVID-19-ის პანდემიის გავლენა ინფლაციაზე საქართველოში

როგორია COVID-19-ის პანდემიის გავლენა ინფლაციაზე საქართველოში
როგორია COVID-19-ის პანდემიის გავლენა ინფლაციაზე საქართველოში

ინფლაციაზე COVID-19-ის პანდემიის გავლენა არაერთგვაროვანია და იმაზეა დამოკიდებული მოთხოვნის შოკის ეფექტი გადაწონის თუ მიწოდების: თუ 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, წლიური ინფლაციის ტემპმა იკლო, აპრილში იგი არსებითად გაიზარდა და თითქმის 7 პროცენტს გაუტოლდა (ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტი).

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ პანდემიური ეკონომიკური კრიზისისთვის ნაკლებად დამახასიათებელია მოთხოვნის და მიწოდების შოკების გადახლართვა. თუ მოთხოვნის ვარდნა, როგორც წესი, სამომხმარებლო ფასების კლების მიმართულებით მოქმედებს, მიწოდების შოკი მათ ზრდისკენ უბიძგებს. 

აქვე ხაზგასმულია, რომ ფასების მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრმა ვარდნამ მარტის ბოლოს, რაც უფრო აპრილის ფასებზე აისახა. მართალია, პანდემიის პირველი ტალღის პირობებში (2020 წლის აპრილი) მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ მოხდა მისი ფოკუსირება პირველადი მოხმარების საქონელზე, ძირითადად, სურსათსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე. სურსათზე ფასები 16 პროცენტით გაიზარდა, საყოფაცხოვრებო ნივთებზე კი - თითქმის 10 პროცენტით. სურსათის წვლილმა სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდაში 5 პროცენტული პუნქტი შეადგინა, როდესაც დანარჩენი 11 სასაქონლო ჯგუფიდან 0,6 პროცენტულ პუნქტზე მეტი წვლილი არც ერთს არ ჰქონია. ფასებიც ამ ჯგუფებში, გარდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა, მცირედ გაიზარდა ან შემცირდა (4 ჯგუფში დეფლაცია აღინიშნა)

მიუხედავად ამისა, ინფლაციის დონეზე 2020 წლის მეორე კვარტალში მიწოდების შოკის გავლენა უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, მათ შორის, სურსათის მიწოდების სფეროში. ნიშანდობლივია, რომ აპრილში განსაკუთრებით გაძვირდა ხილი და ყურძენი (45,4 პროცენტით), რძე, ყველი და კვერცხი (23,2 პროცენტით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16,9 პროცენტით). აღსანიშნავია ისიც, რომ 1 800 ობიექტიდან, რომელთაც საქსტატის ფასების რეგისტრაცია მოიცავს, 1 150 საგანგებო მდგომარეობის გამო არ ფუნქციონირებდა (საქსტატი, 2020).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system