თავში

როგორია პროფესიული სასწავლებლების როლი შრომის ბაზარზე

როგორია პროფესიული სასწავლებლების როლი შრომის ბაზარზე
როგორია პროფესიული სასწავლებლების როლი შრომის ბაზარზე

სოფლის მეურნეობის განვითარების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად ადამიანურ რესურსები სახელდება. ამ მხრივ პროფესიული გადამზადების სასწავლებლების როლი მნიშვნელოვანია, რადგან როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არსებობენ პროფესიები, რომლის კადრი საქართველოში საერთოდ ვერ იძებნება, ხოლო სადაც მუშახელი მეტნაკლებად არის, იქაც კი კვალიფიკაციის დიდი პრობლემაა. აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე report.ge-თან აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი პროფესიული სწავლების მიმართ, ინერგება ე.წ. დუალური სწავლების მოდელი და მეტი ყურადღება ექცევა სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას.

თუმცა, როგორც აროშიძე აღნიშნავს, არასაკმარისია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაცვლელად. ე.წ. ,,სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ მოდელების ფართოდ გავრცელება.

,,საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სპეციალობების სიმცირეა. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ 2000-იან წლებში საერთოდ არ ხდებოდა აგრონომის სპეციალობაზე ადამიანების გადამზადება. მოთხოვნა არ იყო. განსაკუთრებით დეფიციტია თითქმის ყველა ვიწრო სპეციალობის მქონე კადრი.  სასწავლებლების უმეტესობა 2 ან 3-წლიანი პროგრამით ამზადებს სპეციალისტებს და ამით ადამიანი აკადემიურ ცოდნას ვერ იღებს. ცხადია, ეს არ ამცირებს პროფესიული კოლეჯების როლს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პარალელურად ეს მიმართულებაც განვითარდეს. სასურველია, რომ სწორედ სოფლად ცხოვრებასთან დაკავშირებული პროფესიები ფინანსდებოდეს. ამ თვალსაზრისით, მეცხოველეობას დიდი პერსპექტივა აქვს და ამ სფეროში დასაქმების შესაძლებლობაც მეტია. სამწუხაროდ, ამას არავინ ითვალისწინებს და ყველა ოჯახი ცდილობს ისეთი განათლება მისცეს შვილს, რომელიც ქალაქში დამკვიდრების შესაძლებლობას გაუჩენს. ამასობაში სოფლის როლი კნინდება და დოვლათი არ იქმნება", - ამბობს აროშიძე. 

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ პროფესიული გადამზადების სისტემის განვითარებით ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და შესაძლოა ემიგრაციის მაჩვენებელიც შემცირდეს. აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით,ახალი პროფესიული სასწავლებლის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მეცხოველეობის მიმართულებით, სადაც კადრების ყველაზე დიდი დეფიციტია. 

,,საინტერესოა, რომ  პროფესიული სასწავლებლები მოქალაქეებს მიზნობრივ სერვისებს სთავაზებდნენ. ამ სისტემამ უნდა მოამზადოს ის კადრები, რომლებიც ბაზარზე დეფიციტურია. შრომის ადგილს საქართველოს ბაზარზე ხშირად იკავებს უცხო ძალა იმის გამო, რომ ჩვენ დამსაქმებელს სპეციალისტებს ვერ ვთავაზობთ. ამ დროს მოქალაქეები უცხოეთში იაფ მუშახელად მიდიან. მათ აქვთ უნარი, სამშობლოში უფრო ღირსეული სამუშაო შეასრულონ, მაგრამ შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ. პროფესიონალი ვეტერინარი გჭირდებოდეს და ვერ მოამზადო, ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია", - აცხადებს სილაგაძე report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system