თავში

როგორია საფინანსო სექტორის ლიკვიდობა

როგორია საფინანსო სექტორის ლიკვიდობა
როგორია საფინანსო სექტორის ლიკვიდობა

2020 წლის 28 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0% ნიშნულზე დატოვა. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული. 

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია განმარტებული.

აქვე აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, ეგზოგენურ (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელ) ფაქტორებზე არ რეაგირებენ. 

სებ-ის განმარტებით, ინფლაციის პროგნოზის კუთხით რისკებში განიხილება კოვიდ-19 ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უფრო მწვავე და ხანგრძლივი პროცესი. ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედ რისკებში საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელზე მეტად შემცირება განიხილება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობაც, რაც შესაძლოა რისკ პრემიის ზრდაში აისახოს და ინფლაციის მაჩვენებელზე დამატებით წნეხი წარმოქმნას. 

ინფლაციაზე კლების მიმართულებით მოქმედ რისკებში განიხილება ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელზე მეტად კლება, რაც, თავის მხრივ, ეპიდემიის გავრცელების ხანგძლივობაზე იქნება დამოკიდებული. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე აისახოს და, საბოლოოდ, რეალურ ეკონომიკაზე მოახდინოს გავლენა. 

"საბანკო სისტემა ამჟამად ლარის მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტის პირობებში ოპერირებს. ამასთანავე, კორონავირუსის პანდემიის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურ სექტორში ლიკვიდობის რისკების ზრდა არ მოხდეს. ამისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების დროებითი ინსტრუმენტებიც აამოქმედა. კომერციული ბანკები მათთვის საჭირო დამატებით სახსრებს, ძირითადად, ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტის - რეფინანსირების სესხების საშუალებით ავსებენ. ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მხარდაჭერას სტანდარტულ რეფინანსირების სესხებთან ერთად, დამატებით სვოპ ოპერაციებითაც უზრუნველყოფს, რომლებიც, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვისაც არის ხელმისაწვდომი. ამასთანავე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისთვის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტიც ხელმისაწვდომია. ეროვნული ბანკი მოკლევადიან ლიკვიდობას საჭირო ოდენობით აწვდის, რითაც უზრუნველყოფს, რომ ბანკთაშორის ფულად ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები პოლიტიკის განაკვეთის გარშემო მერყეობდეს," - ვკითხულობთ მონეტარული პოლიტიკის ოქტომბრის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system