თავში

რუსეთი ხე-ტყის ექსპორტის აკრძალვას განიხილავს

რუსეთი ხე-ტყის ექსპორტის აკრძალვას განიხილავს
რუსეთი ხე-ტყის ექსპორტის აკრძალვას განიხილავს

ადგილობრივი ბაზრის დაცვის მიზნით, რუსეთმა, შესაძლოა, ხე-ტყის ექსპორტი აკრძალოს. მიზეზი სახერხ მასალაზე ფასების ზრდაა. სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილ ამ მასალას „შიდა ბაზრისთვის არსებითად აუცილებელი საქონლის“ ჩამონათვალში შეიტანენ. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ 22%-ზე მეტი ტენიანობის სახერხ მასალაზე საექსპორტო საბაჟო გადასახადი დააწესონ. ამჟამად მოსაკრებლები ხის ტენიანობაზე დამოკიდებული არ არის და ხის მრავალი სახეობისთვის ნულოვანია. რუსეთის ფედერაციის მთავრობა „შიდა ბაზრისთვის არსებითად აუცილებელი პროდუქციის“ სიას ადგენს, რომლებზეც განსაკუთრებულ შემთხვევებში ექსპორტის შეზღუდვა ან აკრძალვა დაწესდება. მასში ბენზინის გარკვეული სახეობები უკვე შეიტანეს. როგორც ჩანს, ფასების ზრდის გამო ამ სიის შემდეგი პროდუქტი რუსული ხე-ტყის მასალა გახდება. რუსეთში სამშენებლო ხე-ტყის მასალა 2-ჯერ გაძვირდა. წიწვოვანი ჯიშების სახერხ მასალაზე ფასების ზრდის შესაკავებლად მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წერილით მიმართეს.  ფასების ზრდა სახერხი მასალის დეფიციტმა გამოიწვია, რაც რუსეთის საზღვრებს გარეთ ბოლო 8 თვის განმავლობაში შეინიშნება. სამინისტროს მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ხე-ტყის ფასი რუსულ ფასებს, პროდუქციის სახეობის მიხედვით, 7-დან 30%-მდე აღემატება. უწყებაში მიიჩნევენ, რომ 2020 კრიზისული წლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციის ფონზე ხე-ტყეზე მოთხოვნა გაზრდილია, რამაც მისი ფასების ზრდაც განაპირობა. გარდა ამისა, რუსეთში ხის სახლების მშენებლობაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაიზარდა. ფედერაციის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ხის სახლების ექსპლუატაციის ფართობი 520 000 კვადრატული მეტრით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

რუსული ხე-ტყის წილი, მსოფლიო ბაზრის მსგავსად, საქართველოშიც მაღალია. საქსტატის ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1 571 ტონა ხე-ტყე (დახერხილი ხე-ტყე დაპროფილებული პაგონაჟის სახით) იყიდა, რაშიც ჯამში 766,3 ათასი დოლარი გადაიხადა. ხე-ტყის იმპორტის 92,6% რუსულია. წელს პირველ კვარტალში საქართველომ 1 456 ტონა რუსულ ხე-ტყეში 488,5 ათასი დოლარი გადაიხადა. რუსეთის გარდა საქართველომ ხე-ტყე იყიდა ჩინეთიდან, იტალიიდან, ფინეთიდან, ინდონეზიიდან შემდეგი პროპორციით:

  • ჩინეთი - 43,3 ტონა (42 ათასი დოლარი)
  • იტალია - 24,5 ტონა (147 ათასი დოლარი)
  • ფინეთი - 21,4 ტონა (53,4 ათასი დოლარი)
  • ინდონეზია - 17,5 ტონა (11,3 ათასი დოლარი)

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული იქნა 5,588 ტონა დაუმუშავებელი ხე-ტყის მასალა, ჯამში 986,9 ათასი დოლარის ღირებულების. იმპორტიორი ქვეყანა კი იყო მხოლოდ თურქეთი.

წელს პირველ კვარტალში დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი ხე-ტყის მასალა შემოვიდა 9 ქვეყნიდან, საერთო მოცულობით 1 376 ტონა (402,5ათასი დოლარი). იმპორტიორი ქვეყნების სამეულში კი შედიოდნენ თურქეთი - 647 ტონა (109,2 ათასი დოლარი); რუსეთი - 452 ტონა (149,3 ათასი დოლარი) და ბელარუსი - 86,8 ტონა (16,5 ათასი დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system