თავში

რუსეთში ალკოჰოლის მოხმარება 43%-ით შემცირდა

რუსეთში ალკოჰოლის მოხმარება 43%-ით შემცირდა
რუსეთში ალკოჰოლის მოხმარება 43%-ით შემცირდა

2003-დან 2018 წლამდე რუსეთში ალკოჰოლის მოხმარება 43%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი განცხადებით, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის შედეგია.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ათწლეულების განმავლობაში ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება რუსეთის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო, რაც ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხშირად ხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესამცირებლად ზომების მიღება დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როდესაც ალკოჰოლის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი ყიდვა მხოლოდ გარკვეულ საათებში გახდა შესაძლებელი. ამასთანავე, აიკრძალა ქუჩაში ალკოჰოლური სასმელის მიღება.

ამჟამად რუსეთში ალკოჰოლური სასმელების შეძენა ღამის 11 საათამდე მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი. ამასთანავე, კვლევაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში რუსეთში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Report.ge შეეცადა გაერკვია რა ხდება ამ მხრივ საქართველოში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაცია (WHO) საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების შესახებ ბოლო კვლევის შედეგებით,  2010 წლისთვის, 2005 წელთან შედარებით, საქართველოში ალკოჰოლის მოხმარება გაზრდილია.

ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარებაზე კვლევა ბოლოს სამი წლის წინ ჩატარდა. ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო (ESPAD) კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა 85%-ს ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი. მოსწავლეთა 43% კი ერთხელ მაინც დამთვრალა.

კვლევაში ქვეყნის 190 სკოლის მეათეკლასელი მონაწილეობდა.

კვლევის ანგარიშის მიხედვით, ალკოჰოლი ბოლო 12 თვის განმავლობაში მიიღო მოსწავლეთა 76%-მა. თუკი ამ მონაცემებს გენდერულ ჭრილში განვიხილავთ, ბიჭების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ია, გოგონების შემთხვევაში კი - 72%.

რაც შეეხება ალკოჰოლის მიღებას ბოლო 30 დღის განმავლობაში, აღნიშნულ პერიოდში ალკოჰოლი მოსწავლეთა 43%-მა მიიღო.

იმ სასმელებს შორის, რომელსაც მოსწავლეები იღებენ, ყველაზე გავრცელებული სახეობაა ღვინო (40%), ლუდი (36%) და სპირტიანი სასმელები (30%).

კვლევის ანგარიშის თანახმად, მოსწავლეთა 12%-მა განაცხადა, რომ არასდროს დაულევია ალკოჰოლური სასმელი. გოგონათა შორის არამსმელთა რაოდენობა 14%-ია, ბიჭების შემთხვევაში 10%.

შეკითხვაზე, თუ რამდენჯერ შეიძინეს მოსწავლეებმა ალკოჰოლური სასმელი მაღაზიაში, პირადი მოხმარებისთვის, მოსწავლეთა პასუხების მიხედვით ლუდი (34%) არის ყველაზე ხშირად შეძენილი სასმელი, შემდეგ ღვინო - 17%, სპირტიანი სასმელები - 17%.

კვლევისას მოსწავლეებს ჰკითხეს, მათთვის ახლობელი ადამიანი იღებს თუ არა მეტისმეტად დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს. მოსწავლეთა 25%-მა უპასუხა, რომ მათთვის ახლობელი პირი იღებს მეტისმეტად ბევრ ალკოჰოლურ სასმელს და ეს იწვევს პრობლემებს მათ ცხოვრებაში.

ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო (ESPAD) კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. საქართველო პროექტს 2015 წელს შეუერთდა. კვლევა 2015 წლის ნოემბერში მოეწყო. მის ფარგლებში 2477 სრულად შევსებული კითხვარი გაანალიზდა. პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system