თავში

რუსულ ხორბალს ყაზახური და უკრაინული ჩაანაცვლებს

რუსულ ხორბალს ყაზახური და უკრაინული ჩაანაცვლებს
რუსულ ხორბალს ყაზახური და უკრაინული ჩაანაცვლებს

საქართველომ ხორბლის შემოტანის ახალი გზები მონახა. იმის გამო, რომ რუსეთში პირველი მარტიდან ამოქმედდა ახალი საბაჟო ტარიფები და პროდუქტი გაგვიძვირდა, აქცენტი ქვეყანამ შუააზიურ მარცვლეულზე გააკეთა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა report.ge-თან ამბობს, რომ საქართველოში მალე ყაზახური ხორბალი შემოვა, მაგრამ ის მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს რუსულს.

„ყაზახური ხორბალი ახლა სხვაზე იაფია. აქამდე ის რუსულ ხორბალზე 15-20 დოლარით მეტი ღირდა, მაგრამ რუსულ ბაზარზე იმპორტის გაძვირებამ მდგომარეობა შეცვალა და ყაზახური ხორბალი ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა აქ პრობლემაა მარაგი, ყაზახეთის საექსპორტო პოტენციალი ძალიან ჩამოუვარდება რუსეთისას, რომელიც წლიურად 80 მილიონ ტონა ხორბლის მოსავალს იღებს, ყაზახეთში ეს მაჩვენებელი 15 მილიონ ტონაა, საიდანაც მხოლოდ 7 მილიონ ტონა ხორბალს ყიდის. შესაბამისად, მას არ შეუძლია, რომ რუსული ხორბალი ჩანაცვლოს, ამის მარაგი რეალურად არ არის. ვმუშაობთ, რომ ბაზრები დივერსიფიცირებული გავხადოთ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი. ამ ეტაპზე დიდი მარაგებია, რუსული ხორბლის გაძვირების მოლოდინში, მარტამდე ვცადეთ, რაც შეიძლება მეტი ხორბალი შემოგვეტანა. შედარებით იაფი ხორბალი დამარაგებული გვაქვს და ამას დაემატება ყაზახურიც,გვაქვს ასევე შემოთავაზება უკრაინიდანაც, ევროპიდან კი რუმინული ხორბლის იმპორტის საშუალება გაჩნდა. ხორბალს იმ სახელმწიფოდან შევიძენთ, სადაც ფასი უფრო დაბალი და უკეთესი იქნება", - ამბობს სილაგავა report.ge-თან.

მისივე ინფორმაციით, საქართველო წელიწადში 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10-12%-ია ადგილზე მოყვანილი, დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს, რაც ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. ამას ნაწილობრივ უკვე ყაზახეთი ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება სუბსიდირების საკითხს, როგორც ლევან სილაგავამ ,,მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, სავარაუდოდ, ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება. 10, 12 თუ 15-ლარიანი სუბსიდირება იქნება საჭირო, 20 მარტისთვის გახდება ცნობილი.

როგორც მან აღნიშნა, სუბსიდირება რომ არ იყოს ფქვილზე, ყოველდღიური მოხმარების პურის ფასი 20 თეთრით მეტი იქნებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system