თავში

სად გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა პანდემიის პერიოდში - VIDEO

სად გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა პანდემიის პერიოდში
სად გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა პანდემიის პერიოდში - VIDEO

Galt & Taggart-ის მიერ თბილისის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით,აპრილი-მაისში რეკორდული კლების შემდეგ, თბილისში უძრავი ქონების გაყიდვებმა ივნისიდან აღდგენა დაიწყო. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის მეორე კვარტლის მიმოხილვის მიხედვით, Covid-19-ისა და ეკონომიკის ჩაკეტვის გამო, აპრილში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ბინების გაყიდვები მკვეთრად -92.7%, მაისში კი -74.3%-ით შემცირდა. თუმცა, გაყიდვების შემცირების ტემპი 21%-მდე შენელდა ივნისში, რაც აღდგენის პირველი სიგნალია.

შემცირების ტემპის კლება უფრო მეტი ახალი ბინების კატეგორიაში იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარი იპოთეკურ სესხებზე 4%-იან სუბსიდიის სქემას ელოდებოდა.

2020 წლის მე-2 კვარტალში გარეუბანში გაყიდვები კვლავ ჭარბობდა

გაყიდვების მიხედვით ტოპ-5 უბნიდან 4 გარეუბნის - გლდანის, სამგორის, ისნის და დიდი დიღმის წილი ჯამური გაყიდვების 54.2%-ს შეადგენდა.

Galt & Taggart-ის მიხედვით, ახალი ბინების სეგმენტში ყველაზე გაყიდვადი საშუალო ზომის ბინებია - 51-80 მ2, რომელთა წილმა 2020 წლის მეორე კვერტალში მთლიანი გაყიდვების 49% შეადგინა.

უძრავი ქონების სპეციალისტების განმარტებით, მცირე ზომის ბინების (18-50 მ2 ) წილი 32%-მდე გაიზარდა (2019 წლის მეორე კვარტალი 28%). ძველი ბინების კატეგორიაში ასევე ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2 ). დიდი ზომის ბინებზე (81-150 მ2) მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება.

Galt & Taggart-ის მიხედვით, დაბალფასიანი სეგმენტი კვლავ ყველაზე მოთხოვნადია, რაც იმის დასტურია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას დაბალი და საშულო შემოსავლის მქონე მოსახლეობა განაპირობებს. ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, გაყიდვების 56% დაბალფასიან სეგმენტში დაფიქსირდა მაშინ, როცა აღნიშნულ პერიოდში პრემიუმ სეგმენტში გაყიდვებმა ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა (2019 წლის მეორე კვარტალში 13% შეადგინა).

კვლევის მიხედვით, მოთხოვნა საშუალო ზომის ბინებზე (51-80 მ2 ) თბილისის ყველა უბანში მაღალი იყო, გარდა გარეუბნებისა (სამგორი, გლდანი და ისანი), სადაც მოთხოვნა უფრო მცირე ზომის ბინებზეა (18-50 მ2 ).

რა გამოწვევების წინაშე დააყენა covid 19-მა თბილისის უძრავი ქონების ბაზარი იხილეთ ვიდეოში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system