თავში

საგარეო ვალთან ერთად, შიდა ვალიც მატულობს

საგარეო ვალთან ერთად, შიდა ვალიც მატულობს
საგარეო ვალთან ერთად, შიდა ვალიც მატულობს

სპეციალისტები საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება შიდა ვალთან დაკავშირებით არ იწონებენ. ნაწილი ფიქრობს, რომ ტენდენცია საშიშია და ეკონომიკას სერიოზულ რისკს შეუქმნის. ფინანსისტების ნაწილი კი სახელმწიფო შიდა ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავებაზე საუბრობს. ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ეს რესურსი ეფექტურად დაიხარჯოს, რომ ლარის კურსზე დადებითი გავლენის მოხდენა შეეძლოს. მისი შეფასებით, ვალების ასეთი ზრდით საქართველო შეიძლება კატასტროფის წინაშეც აღმოვჩნდეს, რადგან ქვეყანაში არ იქმნება გადამხდელთა ახალი ნაკადი და ხელს ვერ უწყობს საზოგადოების ეკონომიკურ აქტივიზაციას, რის გამოც თითოეული ლარის აღება საშიშია.

,,საერთოდ, ნებისმიერი ვალი, რაც აწვება სახელმწიფოს, ნეგატიური მომენტია. მით უმეტეს, როცა სებ-ს არ აქვს შექმნილი ისეთი ლიკვიდური სავაჭრო სისტემა, სადაც დავუშვათ, სახელმწიფოს საჭიროების შემთხვევაში შეეძლო გაეყიდა ადრე მოზიდული ობლიგაციები ან პირიქით, ყიდვა-გაყიდვის რეჟიმში მოქცეულიყო. რამდენადაც ვიცით, ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული რესურსი ძირითადად მიიმართება დეფიციტის დასაფინანსებლად. რთულია იმის თქმა, რამდენად ეფექტიანად იქნება გამოყენებული ეს თანხა - ეკონომიკიდან ამოღებული ლარი, არ ვფლობ ინფორმაციას და მიჭირს შევაფასო. ფაქტი ერთია, რომ ეკონომიკიდან ფულის მასის ამოღება ეკონომიკაზე ცუდად აისახება (აკლდება ფული, როგორც საბრუნავი საშუალება). თუმცა, ხელს უწყობს ლარის გამყარებას. როგორც არ უნდა ვისაუბროთ, ნებისმიერი ვალის ზრდა ნეგატიურია და არც ფინანსთა სამინისტროს, არც სებ-ს, არ გაჩნიათ შიდა ვალის მართვის ეფექტიანი სტრატეგია. მით უმეტეს, არ არის შექმნილი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ლიკვიდური სავაჭრო სისტემა.  სინამდვილეში ძალიან პრიმიტიული ოპერაციები ხორციელდება, რაც სააბოლოდ შიდა ვალის მოზიდვის აუცილებლობას განაპირობებს", - განმარტავს report.ge-თან ვახტანგ ხომიზურაშვილი. 

შიდა ვალის აღების კატეგორიული წინააღმდეგია ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე. მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტი და გაზრდილი ვალები ქვეყნისთვის უკვე კატასტროფაა და სერიოზულ საფრთხეს გამოიწვევს სამომავლოდ, როცა ამ ვალდებულებასთან გაგასტუმრების დრო დადგება.

,,მთავრობა დაინტერესებულია, რაც შეიძლება, მეტი ვალი აიღოს და დაიმძიმოს ტვირთი, რომელიც ისევ ჩვენ დაგვაწვება მომავალში. ჩვენი გადასახდელი ფულია და დღეს ეს საერთოდ არავის აინტერესებს. თუ ფიქრობენ, რომ სჭირდებათ ფული, კეთილი ინებონ და ბიუროკრატიული ხარჯი შეამცირონ სესხის აღება მთავრობის მიერ ნეგატიურ მოვლენად მიმაჩნია. თუ ქვეყანას საკმარისი შემოსავალი არა აქვს, ხარჯი უნდა შეამციროს და ვალი აღარ აიღოს. მით უმეტეს, ეს თანხა აკლდება ბიზნესსექტორს და ხელს უშლის მის განვითარებას. ეს ორი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც არ ღირს ვალის აღება. მით უფრო, როცა საქმე შიდა ვალს ეხება. სესხის აღება სინამდვილეში ნიშნავს დღევანდელი პრობლემების მოგვარების მომავალ თაობაზე დაკისრებას. მთავრობას უნდა შეემცირებინა ვალზე დამოკიდებულება და ამ დროს მოხდა საპირისპირო. ნებისმიერი ვალი ცუდია, იქნება ის შიდა თუ საგარეო. შიდა ვალის განსაკუთრებული პრობლემა კი არის ის, რომ სესხის ნაწილის აღება ხდება ბანკების საშუალებით, ახალი გამოშვებული ფულით, რაც საბოლოდ აისახება კიდეც ლარის გაუფასურებაზე, ეს სიმახინჯე და სიყალბე არ იცვლება", - აცხადებს შეშელიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომდღეს, 2021 წლის 6 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 46 066 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.380 პროცენტით, მაქსიმალური 8.510 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.459 პროცენტით განისაზღვრა.

დღესვე, 2021 წლის 6 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.580 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.542 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system