თავში

საქართველო და იაპონია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და იაპონია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და იაპონია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

უწყების განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა ხუციშვილსა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის მოადგილეს, მასატაკა ობატას შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა მოლაპარაკებები და მიღწეულ იქნა შეთანხმება „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განახლებულ ტექსტზე.

აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, საქართველოს იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.

"ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. კონვენცია ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს," - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. 

ცნობითვის, ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების” მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. საქართველოს მიერ გაფორმებულ შეთანხმებათა ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. კერძოდ, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმინობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება იმ ქვეყანაში, სადაც ის იქნა მიღებული ან რეზიდენტობის ქვეყანაში.შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, გადასახადის გადამხდელს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმების მთავარი მიზანია ასევე გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system