თავში

საქართველო დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს

საქართველო დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს
საქართველო დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, კლიმატის ცვლილების დაძლევა საქართველოს ეროვნული განვითარების შემადგენელი ნაწილი გახდება. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

ორგანიზაციის რეკომენდაციით,  საქართველომ როგორც კლიმატისადმი მედეგობა, ასევე ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა უნდა გაითვალისწინოს, ხოლო ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანამ დაბალემისიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მიიღოს. 

სწორედ ამ სტრატეგიის შემუშავების შესახებ იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (RECC) თანამშრომლობით.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს და ამავდროულად ხელს შეუწყობს სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებასა და მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებას. მათ ასევე განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა შედეგად საქართველო განსაზღვრავს დაბალემისიანი განვითარების ძირითად მიმართულებებს, შეაფასებს კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობებსა და შესაბამისი ხარჯებს, რაც თავის მხრივ, საფუძვლად დაედება ეროვნული და სექტორული პოლიტიკის შემუშავებას.

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ახორციელებს.

„ახლა მასშტაბური გადაწყვეტილებების დროა.პანდემიამ დაგვანახა, რომ ჩვენი პლანეტა ჩვეული მოდელებით ვეღარ იარსებებს. პროცესი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, ხელს შეუწყობს საქართველოს შექმნას ნახშირბად-ნეიტრალური მომავლის ხედვა, რომელიც 2050 წლისთვის, როგორც ეკონომიკურ წარმატებას, ასევე ჯანსაღ გარემოს მოუტანს ქვეყანას," - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„დაბალემისიური განვითარების სტრატეგია უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომელიც დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს კლიმატის ცვლილების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. სტრატეგიის მიღება და შემდგომი განხორციელება ხელს შეუწყობს დაბალემისიურ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, რაც თავის მხრივ, საფუძველს შექმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის მიმართ მედეგობისთვის, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. 

„პროგრამა EU4Climate ეხმარება საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს წარმატებით შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც ამ ქვეყნებმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში აიღეს. მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას გრძელვადიანი დაბალემისიური განვითარების სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ასეთი სტრატეგიის მიღება ხელს შეუწყობს კლიმატისადმი მედეგობის ინტეგრირებას ეროვნული განვითარების დღის წესრიგში“, - აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system