თავში

საქართველო სამედიცინო ტექსტილის წარმოებას იწყებს - რა მოლოდინი აქვს სამედიცინო ბიზნესს

საქართველო სამედიცინო ტექსტილის წარმოებას იწყებს
საქართველო სამედიცინო ტექსტილის წარმოებას იწყებს - რა მოლოდინი აქვს სამედიცინო ბიზნესს

საქართველოში პირველად სამედიცინო ტექსტილს კომპანია „დოქტორ გუდსი“ დაამზადებს. კომპანიის თანადამფუძნებელი მამუკა ხადური ამბობს, რომ პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, წარმოების ზრდის პარალელურად კი დასაქმებულების რიცხვს გაზრდის.

„დოქტორ გუდსი“ მომხმარებელს სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო ერთჯერად სტერილურ პროდუქციას შესთავაზებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 400 000 ლარამდეა. „სტარტაპ-საქართველოს “ ინვესტიცია 100 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 300 000 ლარი დამფუძნებლების მიერ მოზიდული პირადი ინვესტიციაა.

საწარმო დაამზადებს ქირურგიული თეთრეულის ნაკრების სრულ კომპლეტქს, გადასაფარებლებს, ზეწრებს, ქირურგიულ შემოფარგვლებს, ხალათებს. კომპანიის მიზანია, საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი ხარისხის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები შესთავაზოს, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და ადგილობრივი წარმოება განავითაროს.

მამუკა ხადურის თქმითვე, ქართულ ბაზარს სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო პროდუქციის რეგულაცია აკლია.

„ჩვენ ისეთ პროდუქციას ვაწარმოებთ, რომელიც ღია ოპერაციების დროს გამოიყენება და ის სტერილური უნდა იყო, თუმცა საიმპორტო პროდუქციას, რომელიც ჩამოდის არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარება. სახელმწიფომ ეს საკითხი უნდა დაარეგულიროს, რადგან აქ საქმე პაციენტის უსაფრთხოებას ეხება,“ - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.

Report.ge დაინტერესდა რამდენად სჭირდებოდა სამედიცინო ტექსტილის ადგილობრივი წარმოება გამართული ოპერირებისთვის ქართულ სამედიცინო ბიზნესს. კლინიკა "მედისონის" ვარკეთილის ფილიალის მენეჯერი ზვიად ავალიანი გვიხსნის, რომ აქამდე თურქული სამედიცინო ტექსტილის ყიდვა უწევს. საშუალო ზომის ფილიალს თვეში ამ პროდუქტზე 5 ათასი დოლარის დახარჯვა უწევს. ავალიანი გვიხსნის, რომ შეკვეთის მიღება ხშირად აგვიანებს და თუ ამ სერვისს ქართული წარმოება შეუვსებს, სახეზე ინტერესთა თანხვედრა იქნება.

"მიხარია, სამედიცინო ტექსტილის წარმოების დაწყება რომ გადაწყვიტეს. ამით ბევრი რამ გაგვიიოლდება. დავზოგავთ დროს და ფინანსებსაც. ბუნებრივია, იმპორტი ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი ნაწარმი. გარდა ამისა, ორივე ქართულ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქტი იყოს. დარწმუნებული ვარ, ხარისხი გარანტირებული იქნება," - აცხადებს ზვიად ავალიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system