თავში

საქართველოდან ჩირის ექსპორტი მზარდია

საქართველოდან ჩირის ექსპორტი მზარდია
საქართველოდან ჩირის ექსპორტი მზარდია

ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორი“ ექსპორტს ზრდის, ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. „ჩიკორის“ ჩირი ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს ექსპორტზე გავიდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ სამომავლო გეგმებში ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაა.

„კომპანიას, 2021 წელს, ექსპორტის 50%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი. პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩეხეთსა და ისრაელში“ ,- აცხადებს ჩიკორის გენერალური დირექტორი ანანო ბეჟანიშვილი.

ჩირის ექსპორტი 20-30%-ით გაზარდა „კავკასუს ორგანიკ ფრუტსმაც“, რომელიც  ხილის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფო ფინანსური მხრადაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში შეიქმნა. საწარმოში განხორციელებულმა სრულმა ინვესტიციამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 1 მლნ ლარს აჭარბებს. საწარმოს წარმადობა 120 ტონა ხილის გადამუშავებაა.

„ჩვენი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთის ფედერაციაში გადის. შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია 20-30%-ით. ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს ივნისიდან, რადგან აქტიური პერიოდი სწორედ ზაფხულში გვეწყება. ამასთანავე, წინასწარი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს“, - განაცხადა „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ წარმომადგენელმა, სალომე ალანიამ.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამხმარი ხილის ექსპორტი 58.7%-ით გაიზარდა. შარშან საქართველოდან ექსპორტირებული 610.3 ტონა გამხმარი ხილის ღირებულებამ 1.9 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 423.2 ტონა ექსპორტირებული ჩირის ღირებულება 1.2 მლნ დოლარი იყო. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ჩირის საექსპორტო ბაზრების ათეულში აშშ (29.9 ათასი დოლარი), თურქეთი (18.5 ათასი დოლარი) და ისრაელი (18.2 ათასი დოლარი) შედიოდნენ, რომლებიც 2020 წელს ჩინეთმა, იაპონიამ და ლიტვამ ჩაანაცვლა.

2021 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან ექსპორტზე 605.0 ათასი დოლარის ღირებულების 154.1 ტონა გამხმარი ხილი გავიდა (2020 წლის იანვარ-თებერვალი 197.1 ათასი დოლარი, 64.8 ტონა). ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულების ზრდამ ამ შემთხვევაში 206.9% შეადგინა.


შარშან ყველაზე დიდი რაოდენობის გამხმარი ნაყოფი გასულ წელს გერმანიაში, რუსეთსა და ჩინეთში გავიდა. სარეალიზაციო ბაზრების სია კი ასე გამოიყურება:


1. გერმანია - 1.0 მლნ დოლარი, 298.4 ტონა;
2. რუსეთი - 484.3 ათასი დოლარი, 120.7 ტონა;
3. ჩინეთი - 161.6 ათასი დოლარი, 81.7 ტონა;
4. სომხეთი - 53.2 ათასი დოლარი, 35.9 ტონა;
5. ლიეტუვა - 50.6 ათასი დოლარი, 7.5 ტონა;
6. ჩეხეთი - 43.4 ათასი დოლარი, 21.7 ტონა;
7. იაპონია - 25.2 ათასი დოლარი, 2 ტონა;
8. უკრაინა - 19.2 ათასი დოლარი, 14.1 ტონა;
9. ლატვია - 15.7 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. პოლონეთი - 15.4 ათასი დოლარი, 1 ტონა;

2020 წელს ქვეყანამ 792.5 ათასი დოლარის ღირებულების 400.2 ტონა შავი ქლიავის, გარგარის და ვაშლის ჩირი შეისყიდა იმპორტზე, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 23.2%-ით ნაკლებია.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system