თავში

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის რეიტინგი გაუმჯობესდა. Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2021 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა). საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ფინეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ნორვეგია, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ბელგია, ესპანეთი, უნგრეთი, პორტუგალია, სლოვენია, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ა.შ., ხოლო მსოფლიო მასშტაბით საქართველომ შეძლო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით უკან ჩამოეტოვებინა აშშ-იც, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა.

ამ შედეგით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თავი მოიწონა და ეს საქართველოს მთავრობისა და მთელი სახელისუფლებო გუნდის სწორი ეკონომიკურ პოლიტიკის შედეგად შეაფასა. მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ფონდის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი, რაც, მდინარაძის შეფასებით, კორონავირუსით გამოწვეული რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგანაც პანდემიის დასრულებასთან ერთად, ეკონომიკის აღდგენის გზაზე, საქართველოს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება, რაც საბოლოოდ სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება.

„საქართველოს, ეკონომიკური თავისუფლების უკლებლივ ყველა ასპექტში წინსვლა აქვს, რაც სხვადასხვა სფეროში ხელისუფლების წარმატებულ ნაბიჯებთან და რეფორმებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლოს ეფექტიანობა და მიუკერძოებლობა, გადასახადების გამარტივება, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ა.შ. დღეს, ეკონომიკა ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა. ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვას, მოლაქალეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ბიზნესის სტიმულირებას შორის ოქროს შუალედის დაცვაზეა ორიენტირებული. ამავდროულად საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის კეთების სიმარტივითა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსით კვლავაც მოწინავე პოზიციებზეა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ ტემპს, რაც პანდემიამდე გვქონდა და რასაც თითოეული ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ქვეყანამ შარშანაც გაიუმჯობესა.  2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა.

2019 წელთან შედარებით საქართველო ევროპის რეგიონში 2 პოზიციით დაწინაურდა - ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (61.6 ქულა).

2020 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა 5 ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა).

2020 წელს საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ უპრეცენდენტო აღიარება მოიპოვა და ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა.

მთავრობის სამართლიანობის კომპონენტში საქართველოს შეფასება 6.3. ქულით გაუმჯობესდა და 64.8 ქულა შეადგინა. კომპონენტის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსს“ და „Trace Matrix” რეიტინგს. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში კორუფციის არ არსებობის აღიარებას და მთავრობის ეფექტიანობას.

მონეტარული თავისუფლების ინდიკატორი აფასებს ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს და ფასდება ბოლო 3 წლის პერიოდის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი.

საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ისლანდია, ნიდერლანდები, ლიეტუვა, აშშ, ლუქსემბურგი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, იაპონია, ყატარი, ლატვია, სომხეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა.

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2020 წლის კვლევის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კვლავ აგრძელებს თავის შთამბეჭდავ 7 წლიანი ზრდას თავისუფლების სხვადასხვა მიმართულებებით. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმები. მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება. ყოველივემ ხელი შეუწყო ყველა ასპექტში ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების გაუმჯობესებას. ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა მდგრადი ტემპით.

რეტინგში პოზიტიურად ფასდება ის ქმედებები, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დასაცავად იქნა გადადგმული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system