თავში

საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Banking-ის ორი ჯილდო გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Banking-ის ორი ჯილდო გადაეცა
საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Banking-ის ორი ჯილდო გადაეცა

დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ორი ჯილდო გადაეცა - წლის საუკეთესო რისკმენეჯერისა და ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციებში.

გამჭვირვალობის ნომინაცია სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა - განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით. გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო სისტემის რეგულირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ბოლო წლების განმავლობაში, ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობის ზრდასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ვებგვერდი - Finedu.gov.ge, თავს უყრის დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბაზრისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ახსნას, ღიად და უწყვეტ კომუნიკაციას, ეროვნული ბანკი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს. სწორედ ეს არის ის, რასაც ეროვნული ბანკის რეგულარული, გამჭვირვალე ანგარიშგება და პროაქტიული კომუნიკაცია ემსახურება მიუხედავად რთული თუ მშვიდი პერიოდებისა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას კობა გვენეტაძემ ფინანსურ სტაბილურობაში გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გამჭვირვალობის დონე ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ეფექტურობაზე, არის თუ არა საჭირო გამჭვირვალობის გაზრდა მას შემდეგ, რაც ცენტრალური ბანკების როლი და მანდატი გაფართოვდა და უფრო კომპლექსური გახდა, როგორ შეუძლია გამჭვირვალობას დაეხმაროს ცენტრალურ ბანკებს საზოგადოების ნდობის ამაღლებაში, რა გამოწვევები არსებობს კომუნიკაციის კუთხით და სხვა. Central Banking-ის შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ფინანსური საზოგადოებისა და ცენტრალური ბანკების ლიდერები. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Central Banking-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system