თავში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბზა მასიურად ნადგურდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბზა მასიურად ნადგურდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბზა მასიურად ნადგურდება

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების გამო ბზა მასიურად ხმება. სპეციალისტების შეფასებით, ხეების ხმობა, დიდწილად, სოკოვანი დაავადებებით, ასევე კლიმატური პირობებით არის გამოწვეული. საფრთხე იმდენად მასშტაბურია, რომ უახლოეს რამდენიმე წელში მოსახლეობა, შესაძლოა, ბზის გარეშე დარჩეს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წევრი, რეზო გეთიაშვილი report.ge-თან აცხადებს, რომ სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამი შეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად. 
,,დასავლეთ საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის - მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, ძველი კორომები, ფაქტობრივად, აღარ არის. ყველგან დიდი პრობლემაა, სადაც ბზა ხარობს. ამის მიზეზი ბზის სოკოვანი დაავადება და პეპელა ბზის ალურაა. აღმოსავლეთ საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა, დაავადების მასშტაბი იქაც დიდია. მცენარე, რომელიც არის რელიქტური, ათი ათასობით წელი გამოიარა, ბოლო რამდენიმე წელიწადში ბუნებრივი გავრცელების არეალში ბზის სიდამწვრის გამო 95%-ით გადახმა. რაც შეეხება ბზის ალურას, მას შეუძლია ერთ დღეში მთლიანად გაახმოს ჯანმრთელი მცენარე. სამწუხაროდ, 100-200-წლიანი კორომები გახმა. ამ ეტაპზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს,  უნიკალურ სახეობას ვკარგავთ", - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

ტყის რესურსის გადასარჩენად პერმანენტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე წელია, მთავრობა გააქტიურდა და ტყის გადასარჩენად ძალისხმევად არ ზოგავენ, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ,  მწვანე საფართან დაკავშირებით ქვეყანაში დიდი პრობლემაა.

გარემოსდამცველების ინფორმაციით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი საფრთხე და ხეების ხმობის პროცესს მთელი შემართებით ებრძვის ევროპაც, სადაც ასევე წიწვოვანი ხეების დაავადებები არის გავრცელებული.

მემცენარეობის სფეროს სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ზენაიშვილი report.ge-თან ამბობს, რომ მავნებლების პოპულაციის მკვეთრი მატება კლიმატურ ცვლილებებთან და მწერებისათვის დამახასიათებელ პერიოდულ რიცხოვნობის ზრდასთანაა დაკავშირებული.

,,პრობლემაა ყველგან, დაწყებული დასავლეთ საქართველოთი, ხეების დაავადებამ მოიცვა მთლიანად აჭარა, გურია და სამეგრელო. ენდემური სახეობის კოლხური ბზა, ფაქტობრივად არ გვხვდება, მასიურად განადგურდა იგი გურიაში, ჩოხატაურში სოფელ სურების მიდამოებში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოშიც, ლაგოდეხის ნაკრძალში, ყვარლის და ახმეტის მთაგორიანი ადგილებში რამდენიმე დასახელების ხე მასიურად ხმება. მიზეზი სხვადასხვაა, მაგალითად, ფიჭვზე ცუდად მაღალი ტემპერატურა მოქმედებს, ხოლო ბზას და წაბლს დაავადება ანადგურებს. კვიპაროსი, განტოტვილი და პირამიდულიც, კლიმატური ცვლილების გამო ხმება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ყველაზე მეტად აღმოსავლური ნაძვი არის დაზიანებული. ანალოგიური პრობლემაა ხაშურის რაიონში, სურამსა და ბორჯომის ხეობაში", - განმარტავს ზენაიშვილი.

მისი შეფასებით, უნდა მოხდეს ისეთი ჯიშების გამოყვანა, რომელიც გვალვაგამძლეობით გამოირჩევა და კლიმატურ ცვლილებას ადვილად იტანს. 

სპეციალისტის განმარტებით, სულ მცირე 15 წელია საჭირო იმისთვის, რომ გამხმარი ხეების ახალი ნერგებით ჩანაცვლების შემდეგ, მოშიშვლებული ტერიტორია კვლავ ტყედ იქცეს. 2-3 მეტრის სიმაღლის ნერგების დარგვას კი, დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system