თავში

საქართველოს სადაზღვეო სექტორი რიცხვებში

საქართველოს სადაზღვეო სექტორი რიცხვებში
საქართველოს სადაზღვეო სექტორი რიცხვებში

მოზიდული პრემიების მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო სექტორი განვითარებად ქვეყნებს შორის ერთ-ერთი აუტსაიდერია. ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ხშირად მიუთითებენ იმაზე, რომ სადაზღვევო სექტორს განვითარების საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, თუმცა, ფაქტია, რომ დღემდე ეს ბიზნესი საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. არსებულ რეალობას განაპირობებს ისიც, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დაბალი სადაზღვევო კულტურა გააჩნია, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს სავალდებულო დაზღვევები. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%–ია დღეისათვის დაზღვეული. სადაზღვეო სექტორს მოზიდული პრემიის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევიდან აქვს მიღებული.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ Report.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვეში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 345 მილიონი ლარი, რაც 50 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში სადაზღვევო სექტორს 295 მილიონი ლარის პრემია ჰქონდა მოზიდული.

რაც შეეხება მოგებას, 2019 წლის პირველ ექვს თვეში მან 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 3 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქტივები 699 მილიონიდან გაზრდილია 952 მილიონამდე, ხოლო კაპიტალი 180 მილიონიდან 231 მილიონამდეა გაზრდილი.

სადაზღვევო სექტორში დომინანტური პოზიცია ბაზრის 42%-იანი წილით სამედიცინო დაზღვევას უჭირავს, რომელიც 145 მილიონ ლარს აჭარბებს. მას მოსდევს სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა 57 მილიონი ლარით და ქონების დაზღვევა 46 მილიონი ლარით. ჯამში ამ სამი სეგმენტის წილი მთლიან სადაზღვევო სექტორში 71%-ს შეადგენს.

საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის 6 თვეში მთლიანად სადაზღვევო სექტორის გამომუშავებულმა პრემიამ 267 მილიონი ლარი შეადგინა მაშინ, როცა კომპანიების წინაშე დამდგარი ზარალი 312 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება მოქმედი პოლისების რაოდენობას სამედიცინო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობებში მან 580,570 შეადგინა, რაც სულ რაღაც 26 232 პოლისით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 16% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%–ია დაზღვეული.

ქართულ სადაზღვევო ბიზნესში ოპერირებს 17 კომპანია. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. სადაზღვევო ბაზრის ლიდერები არიან “იმედი L” – მოზიდული სადაზღვევო პრემია 58 მილიონი ლარი, “ჯიპიაი” – 56 მილიონი ლარი და “ალდაგი” – 51 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს სამი კომპანია მთლიანი სადაზღვევო სექტორის 47% აკონტროლებს. მათ მოსდევთ “თიბისი დაზღვევა” 39 მილიონი ლარის მოზიდული სადაზღვევო პრემიით და “არდი” 29 მილიონი ლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system