ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების მიზნით, მასშტაბურ პროექტებს განაგრძობს.
Report.ge-ის ცნობით, ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის აღდგენის გეგმის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 28 საერთაშორისო პრეს და გაცნობითი ტური მოეწყო. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოპულარული უცხოური მედიის 150-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.
პრეს-ტურებში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და სხვა ქვეყნების ცნობილი ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები და რედაქტორები მონაწილეობდნენ. გაიმართა 6 საერთაშორისო გაცნობითი ტური 60 ადამიანის შემადგენლობით.
2021 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მომზადდა 20-ზე მეტი სტატია, ისეთ გამოცემებში, როგორიცაა The Guardian, CNN, Calvert Journal, Forbes, Business Traveller, Le Figaro, The Daily Beast სიუჟეტები, 10-მდე სიუჟეტი France5, Arte, Estonia TV3, BBC.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2021 წელს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი განახორციელა - სამოგზაურო პლატფორმა “Steller“-თან ერთად პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში“ გაიმართა. მასშტაბურ პროექტში Facebook-ის, Instagram-ის, TikTok-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების მსოფლიოში ცნობილი 18 ინფლუენსერი მონაწილეობდა. პროექტის შედეგებმა 7.5 მილიონ მომხმარებლამდე მიაღწია და 3.5 მილიონი ე.წ “Impression“ მოიპოვა.