თავში

საქართველოში 5-ზე მეტი აგრარული კულტურა გადაშენდა

საქართველოში 5-ზე მეტი აგრარული კულტურა გადაშენდა
საქართველოში 5-ზე მეტი აგრარული კულტურა გადაშენდა

საქართველოში სოფლის მეურნეობის რამდენიმე მიმართულება გადაშენებულად მიიჩნევა, ზოგიც - გადაშენების ზღვარზეა. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში განვითარდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რამდენიმე დარგს ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის შანსი და არსებული პოტენციალი როგორმე უნდა იქნას გამოყენებული. 

90-იან წლებამდე საქართველო რამდენიმე კუთხეში გერანის კულტურას 600 ჰა ტერიტორია ეკავა და მრეწველობაში ერთ მნიშვნელოვან დარგად მიიჩნეოდა.

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აბაშის რაიონში მოსახლეობას გერანის დიდი მოსავალი მოჰყავდა, მაგრამ დღეს მისი წარმოების შესახებ ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის. აბაშელები იხსენებენ, რომ გერანის პლანტაციებს რაიონში დიდი ფართობი ეკავა და ხალხი ამ საქმიანობაში მასიურად იყო ჩაბმული. ერთ დროს პოპულარული მცენარის შესახებ ცნობა ინტერნეტშიც ძალიან ცოტაა. გერანის პირველი სამრეწველო რგვა 1929 წლიდან სოხუმში დაიწყო; აქვე ეთერზეთოვანი კულტურების საცდელ სადგურებში გამოიყენეს უხვზეთოვანი ჰიბრიდები, რომლებიც 1969 წლიდან გავრცელდა აფხაზეთში, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებში. გერანის შებუსული ღეროსა და ფოთლებისაგან მიიღება ვარდის სურნელების მქონე, გამჭვირვალე, მომწვანო, ზოგჯერ კი მოყვითალო ეთეროვანი ზეთი, რომელიც შეიცავს ციტრონელოლის სპირტს (42-47%), გერანიოლს (20-25%), ლინალოოლსა და მენთოლს. გერანის ზეთს იყენებენ პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში, კოსმეტიკასა და მრეწველობაში.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაკვდა მეაბრეშუმეობის დარგიც და დღემდე ვერ ხერხდება მისი აღდგენა. საბჭოთა ეპოქაში აბრეშუმის წარმოების მაჩვენებელი 2500-3000 ტონას აღწევდა. ქართული აბრეშუმის საუკეთესო ხარისხის მიუხედავად, სახელმწიფო ამ დარგისადმი ინტერესს არ იჩენს. რამდენიმე წლის წინ ამ საქმით საქართველოს კათალიკოს პატრიარქი დაინტერესდა, რომლის უშუალო მხარდაჭერითა და დახმარებით ქართული აბრეშუმი იწარმოება. სხვა კერძო ინიციატივა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არსებობს.

აბრეშუმის წარმოების ტრადიცია უხსოვარი დროიდან მოდის. როგორც პროფესორი პაატა კოღუაშვილი ამბობს, როგორც კულტურა, ის საქართველოში ვახტანგ გორგასლის ეპოქაში გაჩნდა. ქართველმა მეფემ, როგორც ექსპერტი განმარტავს, სწორად დაინახა მისი მნიშვნელობა და დაიწყო თუთის გაშენება და აბრეშუმის წარმოება.

სპარსეთი ძალიან ხშირად კეტავდა გზას და არ ატარებდა მგზავრებს, რომლებსაც აბრეშუმი მიჰქონდათ ბიზანტიაში. გორგასალი ადგენდა გეგმას, რომ ვყოფილიყავით ამ პროდუქტის ერთ-ერთი მომწოდებელი. ჩვენს წამოწყებას ხელს უწყობდა ისიც, რომ ქართული აბრეშუმი ძალიან მაღალი ხარისხის აღმოჩნდა. შუა საუკუნეებში, როდესაც ბიზანტიამ გააუმჯობესა აბრეშუმის საწარმოებლად მანქანა-დანადგარები, ტექნიკის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. შემდგომ ეპოქაში ილია ჭავჭავაძე აბრეშუმს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და თავის წერილებში ხშირად ახსენებდა კახურ ნაწარმს, საუბრობდა ასევე დასავლეთ საქართველოს აბრეშუმის მაღალ ხარისხზე და მოიხსენიებდა მათ, როგორც ”ნაზსა და ჰაეროვან აბრეშუმს”. აბრეშუმის წარმოება განვითარდა საბჭოთა ეპოქაშიც. სამწუხაროდ, ეს დარგი საქართველოში მოკვდა და მოკლეს, ამ დროს მას აქვს თავისი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ”, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.

გადაშენების პირასაა ფეტვი, რომელიც სიმინდმა ორ საუკუნეზე მეტია, რაც ჩაანაცვლა. ფერმერი გიორგი ყურაშვილი განმარტავს, რომ ფეტვი საქართველოში ძალიან იშვიათად და ისიც მცირე რაოდენობით ითესება.

ფეტვი ბევრი მოჰყავთ როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. იგი გამოიყენებოდა საკვებად და ისეთივე დანიშნულება ჰქონდა, როგორც ღომს და სიმინდს. ამასთანავე ფეტვი საუკეთესო საკვებია ცხოველებისთვის როგორც მარცვალი, ასევე ნამჯა. ისე როგორც მთელ საქართველოში, ფეტვი უკვე აღარც სამცხე-ჯავახეთში მოჰყავთ. რამდენადაც ვიცი, ამ კულტურის გადასარჩენად რეალურად არაფერი კეთდება. უახლოეს რამდენიმე წელიწადში სახელმწიფო ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს, შესაძლოა, აქა-იქ შემორჩენილი ფეტვის კულტურა სამუდამოდ დავკარგოთ”, - ამბობს გიორგი ყურაშვილი.

დღეს ფეტვი წარმოებიდან ამოღებულია. ამ კულტურას გასაყიდადაც იშვიათად შევხვდებით, არც საკვებად იყენებენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, იგი სასარგებლო და ძალიან ყუათიანი პროდუქტია. 200 წელზე მეტია, ფეტვი პოპულარული კულტურა აღარ არის, ხოლო მუხუდო, ბაკლა, ცულისპირა და ძაძა საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ გადაშენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system