თავში

საქართველოში ავოკადოს კომერციული მიზნით მოყვანა იწყება

საქართველოში ავოკადოს კომერციული მიზნით მოყვანა იწყება
საქართველოში ავოკადოს კომერციული მიზნით მოყვანა იწყება

ავოკადოს პირველი კომერციული მეურნეობა საქართველოში გურიაში კომპანია „ჯეონათსს“ ექვს ჰექტარზე აქვს გაშენებული. ქვეყანაში ავოკადოს პირველ მოსავალს წელს აიღებენ. მეურნეობა სრულ წარმოებაში მხოლოდ 4-5 წელიწადში ჩაეშვება. კომპანია "ჯეონათსმა" ავოკადოს ნათესარები იტალიური Vivai Zanzi-სგან შეისყიდა. ნათესარებისა და ავოკადოს სახეობები საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. ამ ეტაპზე კომპანია პროექტის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში, ავოკადოს ყველაზე სწრაფად მზარდი პოზიცია უკავია.

„საექსპორტო ბაზრებზე ავოკადო ბოლო დროის ყველაზე გაყიდვად პროდუქტებსაც კი უსწრებს, როგორიცაა მოცვი, ალუბალი, მანგო ან დურიო. მსოფლიო ბაზარზე ავოკადოს ექსპორტი, ყოველწლიურად, საშუალოდ 780 მილიონი აშშ დოლარით იზრდება, შესაბამისად, ავოკადოს კულტივაციის პიონერები საკმაოდ მზარდ ტენდენციას უერთდებიან, თუმცა, არსებობს რისკი - მანამდე საქართველოში ავოკადოს კომერციული მიზნით მოყვანა არ მომხდარა,“ - ამბობს ანდრეი იარმაკი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიიზაციის (FAO) საინვესტიციო ცენტრის ეკონომისტი.

საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზით, ავოკადოს მეურნეობას მზარდი პოტენციალი აქვს საქართველოში, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა განაგრძობს კვლევასა და ექსპერიმენტებს ავოკადოს ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებისთვის. 

როგორც ჩანს საქართველოს ავოკადოს წარმოების მცდელობა მეოცე საუკუნეშიც ჰქონდა როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ხილის კულტურების კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ბობოყაშვილი east-fruit-თან ამბობს, ავოკადოს კულტივაცია საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და აფხაზეთში 1940-1950 ხდებოდა, თუმცა, წარუმატებლად, რადგან სახეობები ყინვაგამძლე არ გამოდგა, ხოლო მე-20 საუკუნის შუა პერიოდში საქართველოში ზამთარი საკმაოდ მკაცრი იყო. დღეს კი ავოკადოს მოყვანის პერსპექტივა რეალურია, რადგან საქართველოში კლიმატი ლმობიერი გახდა.

"საჭიროა შესაბამისი სახეობების შერჩევის კვლევა და მცირე ზომის, სატესტო მონაკვეთებზე კულტივაცია. ავოკადოს ზოგიერთ სახეობას შეუძლია -5-6 გრადუსიან ყინვას გაუძლოს, ასევე არსებობს სახეობები, რომლებიც -10-11 გრადუსსაც უძლებენ, როგორიცაა მექსიკური ავოკადო. ამგვარად, აღნიშნული სახეობების საქართველოში მოყვანა შესაძლებელია. ავოკადო ციტრუსის მსგავსია და აქედან გამომდინარე, მისი გამრავლება საქართველოს იმ რეგიონებშია რეკომენდირებული, სადაც ციტრუსი ხარობს, საუბარია შავი ზღვის სანაპიროზე, თუმცა, წინასწარი კვლევა მაინც აუცილებელია. გლობალურმა დათბობამ ისეთი კულტურების გამრავლების საშუალება მოგვცა, რასაც მანამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წარმოუდგენლად მივიჩნევდით, თუმცა, ზოგადად გლობალური დათბობის შედეგები დადებითი ნამდვილად არ არის, რადგან ტემპერატურის ზრდასთან ერთად იმატებს ექსტრემალური კლიმატური მოვლენები. მაგალითისთვის, იმატა გვალვის ხანგრძლივობამ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ყველა მცენარეზე, მათ შორის, სუბტროპიკულ სახეობებზე“, -ამბობს ბობოყაშვილი.

შეგახსენებთ, ავოკადოს მოხმარება მსოფლიოს სხვა ქვეყნების გარდა, მზარდია საქართველოს მეზობელ რუსეთსა და უკრაინაშიც. ამ ორ ქვეყანას, ძირითადად, თურქეთი ამარაგებს და საკმაოდ დიდ შემოსავალსაც იღებს ექსპორტიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system