თავში

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ბიოსფერული რეზერვატი იქმნება

საქართველოში ბიოსფერული რეზერვატი იქმნება
საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ბიოსფერული რეზერვატი იქმნება

საქართველოში დაცული ტერიტორიების არსებობა საუკუნეზე მეტს ითვლის, ხოლო დაცული ტერიტორიის პირველი სტატუსი ლაგოდეხის ნაკრძალს მიენიჭა. 

დღეს კი, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (International Union for Conservation of Nature) IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით, 5 სხვადასხვა კატეგორიის 87 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 12 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 20 აღკვეთილი და 1 დაცული ლანდშაფტი, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 9.95%-ს შეადგენს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ერთ-ერთი გამორჩეული მხარე, სადაც მრავლადაა დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონია. ესენია: ვაშლოვანის, ლაგოდეხის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, მარიამჯვარის და ჭაჭუნას დაცული ტერიტორიები. თუმცა კახეთი გამორჩეულია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით, არამედ აგრომრავალფეროვნებით და იგი ასევე მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და ტრადიციებით.

მათივე განმარტებით, საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, არასამთავრობო სექტორმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა მუშაობა დაიწყეს, კვლევებმა აჩვენა, რომ კახეთი ყველაზე შესაფერისი ადგილია ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისთვის საქართველოში.

მალე, მთლიანად თუშეთს, პანკისის ხეობის ნაწილს და თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს, ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭება.

დედოფლისწყაროში ბიოსფრეული რეზერვატის დაარსება მიმდინარეობს პროექტის „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ბიოსფერული რეზერვატები მიზნად ისახავს ადამიანსა და ბუნებას შორის დაბალანსებული ურთიერთქმედების წახალისებას. ეს არის იუნესკოს მიერ აღიარებული ტერიტორია, რომელსაც მიენიჭება ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი. ბიოსფერული რეზერვატი წარმოადგენს სახმელეთო ან საზღვაო ეკოსისტემებს, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია UNESCO-ს “ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ახდენს კონსერვაციისა და მდგრადი განვითარების ინოვაციური მიდგომების დემონსტრირებას. მსოფლიოს 124 ქვეყანაში 257 მილიონი ადამიანი, სწორედ ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ჯამში 6,812,000 კვადრატული კილომეტრს შეადგენს.

რა დამატებითი ღირებულების მომტანი იქნება ბიოსფრეული რეზერვატები რეგიონის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) ბიომრავალფეროვნების და მდგრადი ბუნებრივი რესურსების პროგრამების მენეჯერი ლალი თევზაძე განმარტავს.

"იდეა, საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისა, დიდი ხანია არსებობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ ევროპის სხვადასხვა ბიოსფრეულ რეზერვატებში, გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და არაერთი მაგალითი ნახეს იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ბიოსფრეული რეზერვატის ქოლგის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და იმავდროულად რეგიონის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის; თუ როგორ ხდება ადამიანის და გარემოს თანაარსებობა, საუკუნოვანი ტრადიციების გათვალისწინებით. ბიოსფრეული რეზერვატის არსიც ხომ ამაში მდგომარეობს, “- ამბობს ლალი თევზაძე.

მისივე განმარტებით, ბიოსფრეული რეზერვატი არათუ საქართველში, არამედ სამხრეთ კავკასიის არცერთ ქვეყანაში ჯერ არ დაარსებულა. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი იმედოვნებენ, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფრეული რეზერვატი დაარსდება: სამი ალაზნის ბიოსფრეული რეზერვატი - თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფრეული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეში.

ბიოსფერული რეზერვატი მოიცავს სამ ზონას:

ბირთვული ზონა, (ანუ ძირითადი ზონა), რომლის ძირითადი მიზანია ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. ძირითადად ეს წარმოადგენს ნაკრძალს ან სხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიის მკაცრი დაცვის ზონას.

მეორე არის ბირთვული ზონის გარშემო არსებული ბუფერული ზონა, სადაც დაშვებულია მდგრადი და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ეკო-ტურიზმი, ეკო-განათლება და კვლევა-მონიტორინგი.

გარდამავალი ზონა, სადაც ზემოაღნიშნულის გარდა, დაშვებულია დასახლებული პუნქტების არსებობა, მდგრადი სოციალური, კულტურული და ეკონომიკური საქმიანობა.

სწორედ ამ ზონების გამოყენებით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზონირების მექანიზმის გამოყენებით ხდება ბიოსფერული რეზერვატის სამი ძირითადი ფუნქციის ამოქმედება:

1. დაცვის ფუნქცია - გენეტიკური რესურსების, ბიოლოგიური სახეობების, ეკოსისტემების და ლანდშაფტების შესანარჩუნებლად;

2. განვითარების ფუნქცია - მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის;

3. სამეცნიერო-ტექნიკური ფუნქცია - სადემონსტრაციო პროექტების, კვლევა-მონიტორინგის, ეკო-განათლებისა და უნარების გაძლიერების გზით ბუნების დაცვა და მდგრადი განვითარება.

"ევროპის სხვადასხვა ბიოსფერული რეზერვატების მაგალითები გვაჩვენებს, თუ რა სარგებელს იღებს ადგილობრივი მოსახლეობა მათი არსებობით; რომ აღარაფერი ვთქვათ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე, ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორიაზე მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რომელიც ბაზარზე ბიოსფერული რეზერვატის ბრენდის ქვეშ პოზიციონირებს, რამდენიმეჯერ ძვირია სხვა ტერიტორიაზე მოყვანილ იგივე პროდუქციაზე. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილ პროდუქციაზე ხომ სულ უფრო და უფრო მზარდი მოთხოვნაა მსოფლიოში," -ამბობს ლალი თევზაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system