თავში

საქართველოში დამსვენებელზე მეტი ბიზნესვიზიტორია

საქართველოში დამსვენებელზე მეტი ბიზნესვიზიტორია
საქართველოში დამსვენებელზე მეტი ბიზნესვიზიტორია

ქართული ტურიზმის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანა დამსვენებელზე მეტი რაოდენობის ბიზნეს ვიზიტორს მასპინძლობს. ამის შესახებ ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია აცხადებს და დასძენს, რომ ამ ტიპის ვიზიტორების გააქტიურება ეკონომიკაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს, მაგრამ კარგი იქნება საზოგადოების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებითაც, ბიზნესვიზიტორები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოში თუ ბოლო პერიოდში ჩამოვიდნენ. 

საკუთარი მოსაზრება პროფესორმა ვიზიტორების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე გაგვიზიარა.

,,ქვეყანა ტურისტულად მაშინ იწოდება, როცა იქ სეზონზე მილიონობით ტურისტია. ამ მხრივ ჩვენ ვერასდროს მოვხვდებით TOP-ათეულში, სულ მცირე, წლიურად 20 მილიონ ტურისტს უნდა ვითვლიდეთ. ამდენს ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ. თუმცა ეპიდემიამდე ცუდი სასტარტო მდგომარეობა ნამდვილად არ გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებლები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან არიან,  მათი რაოდენობა მთლიანი ტურისტების 80%-ს აღემატებოდა, 20% დანარჩენი მსოფლიოდანაა. ამ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ 4000 ბიზნესვიზიტორს ვმასპინძლობთ წელს, რაც დიდ გაოცებას იწვევს. გამოდის, რომ ბიზნესმენი მეტია, ვიდრე ტურისტი, კურიოზული შემთხვევაა ქართული ტურიზმისთვის, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. თუმცა, ცუდი არ არის სახელმწიფოსთვის, თუკი ბიზნესმენები მოდიან და გარკვეულ საქმიანობას ეწევიან, ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.  თუმცა ვფიქრობ, რომ მათი უმეტესობა დიდი ხნით ცხოვრობს საქართველოში, მაგალითად როგორც ჯონ ვურდემანი  ,,ხოხბის ცრემლების" დამფუძნებელი. თუკი ბიზნესვიზიტორების ჩამონათვალში ამ ტიპის ინვესტორებიც ითვლებიან, მაშინ ეს ვერ იქნება ვინმეს დამსახურება, ვერავის მივაწერთ. ტურისტად ვერ ჩავთვლით უცხოელ ბიზნესმენს, რომელსაც კერძო საკუთრება აქვს საქართველოში", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

რაც შეეხება ბიზნესტურების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე, პროფესორის ამბობს, რომ ნამდვილად შეასრულებს კატალიზატორის როლს 4000 ბიზნესმენი ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა დეტალები საბოლოოდ გამოჩნდება, როცა შედეგს დაითვლის ეკონომიკა. 

ნიკა კვარაცხელიას აზრით, სწორი იქნება, თუკი ბიზნესვიზიტორების საქმიანობასთან დაკავშირებით ანალიზი, თუნდაც ციფრების გარეშე, დაკვირვებაზე დაყრდნობით გაკეთდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გაძლიერდეს.მისი ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება. ხოლო ბიზნესვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system