თავში

საქართველოში ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შექმნას ითხოვენ

საქართველოში ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შექმნას ითხოვენ
საქართველოში ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შექმნას ითხოვენ

ელექტრონული კომერცია მსოფლიოში უსწრაფესად ვითარდება. ცხოვრების აჩქარებული ტემპიდან გამომდინარე, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია, ონლაინვაჭრობას ანიჭებენ უპირატესობას. საქართველოში კი ელექტრონული კომერციის როლის ზრდას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა COVID-19-ის პანდემიამ. ელექტრონული კომერციის ასოციაციის განცხადებით, შარშან საქართველოში ელექტრონული კომერციის წილი საცალო ბრუნვაში 2%-ზე დაბალი იყო. თუმცა, ონლაინმაღაზიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იმატებს და პანდემიის დაწყების შემდეგ, ელექტრონული კომერცია ქვეყანაში, დაახლოებით, 5-ჯერაა გაზრდილი. 

ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ  ელექტრონული კომერციის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არსებობს. მისი შემუშავებისა და მიღების პროცესში ასოციაცია ჩართვას ითხოვს. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ უნდა განიმარტოს სფეროს ტერმინოლოგია, დადგინდეს თამაშის წესები, უნდა შემუშავდეს ისეთი კანონმდებლობა, რომ საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის. დასარეგულირებელია საორგანიზაციო საკითხიც. მათი მტკიცებით, ქვეყანაში ელექტრონული კომერციის ერთიანი ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს.

"არსებობს საერთაშორისო პროგრამები, რომლებიც სხვადასხვა გზით ცდილობენ ციფრული ბაზრის გაფართოებას. თამარ გოგოლაშვილის აზრით, ასეთი პროგრამები უმნიშვნელოვანესია საქართველოში ელექტრონული კომერციის სფეროს სწრაფი განვითარებისთვის. მისივე განცხადებით, აუცილებელია, რომ ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობდეს სახელმწიფო ორგანოებთან, რათა სწრაფად გავრცელდეს პროგრამების შესახებ ინფორმაცია და უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ჩართულობა. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა EU4DIGITAL. იგი მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოებას აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება ელექტრონული კომერციის საპილოტე პროექტის განხორციელება საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის," - განმარტავს ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი.

საქართველოს ონლაინბაზარზე უკვე არსებობს რამდენიმე წარმატებული კომპანია. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია EBG, რომელიც eBay-ის ოფიციალური პარტნიორი და ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა (1.6 მილიარდი პროდუქტი) ქვეყნის მასშტაბით. კომპანიამ ერთი წლის წინ განავითარა ადგილობრივი ელექტრონული კომერციაც.

სპეციალისტების განმარტებით, ელექტრონულ კომერციას საქართველოში განვითარების პერსპექტივა აქვს. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. არსებობს მოსაზრება, რომ ონლაინვაჭრობაზე ყველაზე სწრაფად ტექნიკის, ყველაზე გვიან კი, ტანსაცმლის მაღაზიები გადავლენ. ამ ეტაპზე, მომხმარებლები ერიდებიან ისეთი პროდუქციის შეძენას, რაც შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი გაუხდეთ. ამიტომ, აუცილებელია, რომ კომპანიებმა, ონლაინინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, დაბრუნების სწორი პოლიტიკა შეიმუშაონ და მომხმარებლის ნდობა მოიპოვონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system