თავში

საქართველოში იაპონური კაპიტალით 26 კომპანია ოპერირებს

​საქართველოში იაპონური კაპიტალით 26 კომპანია ოპერირებს
საქართველოში იაპონური კაპიტალით 26 კომპანია ოპერირებს

საქართველოში იაპონური კაპიტალის მონაწილეობით 26 კომპანია ფუნქციონირებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მისივე განმარტებით, იაპონია საქართველოს ძალიან მნიშნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია.

თურნავას თქმით, საქართველოში ბოლო 10 წელში 150 მილიონზე მეტი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა.

2020 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციამ შეადგინა 15.4 მლნ. აშშ დოლარი, საიდანაც ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა. 

2020 წლის გაზაფხულზე, იაპონურმა ენერგო-გიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგო სისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეძინა.  ეს TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ, ვიეტნამის შემდეგ, ინვესტიციის განხორციელება მეორე შემთხვევაა. 

ნათია თურნავას მტკიცებით,  TEPCO RP-მ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელი ბიზნეს და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შეთანხმება გაფორმდა, რითაც იაპონიასა და საქართველოში საინვესტიციო აქტივები უფრო დაცული ხდება. შეთანხმების გაფორმებისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და იაპონის შორის ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა გახდება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი და დამატებითი სტიმული იაპონიის ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის.

დღესვე იაპონია და საქართველო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმდნენ. ორ ქვეყანას შორის კონვენციის გაფორმების მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, იაპონიასთან საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული. შეთანხმება ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ, 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.

ფინანსთა სამინისტრომ იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები გასული წლის ივნისში დაიწყო.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system