თავში

საქართველოში ინფლაცია 3%-მდე შემცირდება - Moody's

საქართველოში ინფლაცია 3%-მდე შემცირდება - Moody's
საქართველოში ინფლაცია 3%-მდე შემცირდება - Moody's

დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი კვლავ “სტაბილურია”.

სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი.

ინფლაციის მხრივ, გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზი ემთხვევა ეროვნული ბანკის პროგნოზს. Moody's-ი აღნიშნავს, რომ ამჟამად ინფლაციაზე მოქმედი "ერთჯერადი ფაქტორების" ამოწურვის შემდეგ, გამკაცრებული რეფინანსირების განაკვეთის ფონზე, ინფლაციის დონე სამიზნე 3%-მდე შემცირდება. ამჟამად საქართველოში 12.8%-იანი ინფლაციაა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდულად მაღალი დონეა. ინფლაციის შესამცირებლად სებ-მა წელს რეფინანსირების განაკვეთი 3-ჯერ გაზარდა, არსებული მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი 10%-ს შეადგენს.

Moody’s-ი მიიჩნევს, რომ პანდემიური ეფექტი თანდათანობით იკლებს და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წელს არსებული მშპ-ის 60%-დან, 2024 წლისთვის მშპ-ს 53%-მდე შემცირდება. ასევე შემცირებაა ნავარაუდევი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივაც, რაც მომდევნო პერიოდში პანდემიამდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინს “სტაბილურად” აფასებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ფისკალური მაჩვენებლები გაუარესდება და გაიზრდება საგარეო მოწყვლადობა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურისკენ” შეიძლება გადაიხედოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system