თავში

საქართველოში სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემა ყალიბდება

საქართველოში სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემა ყალიბდება
საქართველოში სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემა ყალიბდება

"დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას, პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობისთვის იქნება ძალიან კარგი, ეფექტური საშუალება, რასაც ეროვნული ბანკი განახორციელებს," - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“.

„აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმება მიღწეული იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით და წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე, ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული, ქალბატონი ნათია თურნავა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ამ პროცესში, ჩვენი დონორებისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება პანდემიით დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. მე მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, უშუალოდ რეგიონულ დირექტორს, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, დამატებით სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა გასულ კვირას დაამტკიცა. მსოფლიო ბანკი 85 მლნ. ევროს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად. პროგრამა მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ 11 მაისს დაამტკიცა. პროექტის მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ - COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში.

პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოში“-ს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება. მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოში“-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდას. ეს მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების მხარდაჭერას სწრაფი გადახდების (IPS) ახალი სისტემის დანერგვით, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ (KYC) ციფრული რეესტრის ფართო გამოყენებითა და უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაძლიერებით, რომლის მიზანია დაფინანსებასთან წვდომის გაფართოება მოძრავი გირაოს, მაგ. ავტომობილების, ტექნიკური აღჭურვილობის და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ამაღლებით.

რას ნიშნავს ქართული ბიზნესისთვის 85 მლნ ევროს დახმარების პაკეტი, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system