თავში

სახალხოა თუ ანტისახალხო 2020 წლის ბიუჯეტი

სახალხოა თუ ანტისახალხო 2020 წლის ბიუჯეტი
სახალხოა თუ ანტისახალხო 2020 წლის ბიუჯეტი

"ნაწილი ამბობს, რომ ბიუჯეტი ხალხზე არ არის ორიენტირებული, მეორე ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებზეა ორიენტირებული. თუ ლოგიკას დავუქვემდებარებთ, თუ არჩევნებზეა ორიენტირებული, მაშინ ის მაქსიმალურად ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც ცუდი არ უნდა იყოს,"- ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ოპოზიციის კრიტიკას ბიუჯეტთან დაკავშირებით.

მისი თქმით,გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია.

"ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც სრულად არის ასახული 3.4 მილიარდი ლარის ოდენობით საფინანსო რესურსი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმით დასაფინანსებელი ღონისძიებებისთვის არის საჭირო. ეს არის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 6 პროცენტზე მეტი. ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ დღევანდელ სიტუაციას, არამედ მზად არის უფრო რთულ ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ შემთხვევაში დააფინანსოს ჯანდაცვის, სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები. ამიტომ ვფიქრობ, პარლამენტის უმრავლესობა დაუჭერს მას მხარს," - განაცხადა კაკაურიძემ.

მანამდე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძემ თქვა, რომ ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მისი ფრაქცია მხარს არ უჭერს, რადგან წარმოდგენილი ბიუჯეტი ხალხის ინტერესებს არ ემსახურება.

„ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა ანტიკრიზისულ და საგანგებო ბიუჯეტს უწოდებს, სინამდვილეში არის ანტისახალხო და საგანგაშო. ამ ბიუჯეტში არაფერი კეთდება იმ ასობით ათასი დაზარალებული, უმუშევრად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაკარგეს სამუშაო და რომლებიც დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. 5,5 მილიარდი ლარის სესხის აღებას აპირებს ამ ბიუჯეტისთვის საქართველოს მთავრობა. აქედან პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით, მათი დაპირებით 10% უნდა წარმართულიყო, ამაზე ჩვენ სერიოზული კრიტიკა გამოვთქვით, ვინაიდან ფაქტობრივად ეს იყო ჩვენი მოქალაქეების შიმშილისთვის გაწირვა. დღეს ვხედავთ საოცრებას - ნაცვლად იმისა, რომ 600 ათას ადამიანს პირდაპირი ფინანსური დახმარება გაწეოდა, დღეს მხოლოდ 215 ათასი ადამიანი დაკმაყოფილდა"-აცხადებს გოცირიძე.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ხარჯები არ შეამცირა.

„ძველ ბიუჯეტს ფაქტობრივად „ცივ ნიავს" არ აკარებენ. ეს არის მათი არსებობის, კორუფციული ინტერესების წყარო. ბიუჯეტს, რომელიც დღეს შემოვიდა, შეიძლება მას ასევე მკვდარადშობილი ბიუჯეტი ვუწოდოთ. ის აგებულია არასწორ ბაზაზე, ეკონომიკური ზრდის ტემპი -4 %-ია ჩადებული, როდესაც სინამდვილეში უფრო მეტად შემცირდება ეკონომიკა და ეს ბიუჯეტი ერთ თვეში კვლავ თავიდან გადასახედი იქნება. ჩვენ ამ ბიუჯეტს რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ. ფრაქციაში დაწვრილებით განვიხილეთ, 100-მდე შენიშვნა გვაქვს. ამიტომ, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ჩვენ ამ ანტისახალხო ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პლენარულ სესიაზე 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system