თავში

სამედიცინო კომპანიების 29%-ი ზარალზეა

სამედიცინო კომპანიების 29%-ი ზარალზეა
სამედიცინო კომპანიების 29%-ი ზარალზეა

გალტ & თაგარტისა და საერთაშორისო ფონდ კურაციოს მომზადებულ ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის XIV ტალღის გამოცემაში  ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად გაანალიზებულია მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის 75 კომპანიის 2018-19 წლების ფინანსური ინდიკატორები. ამ კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ჰოსპიტალური და ამბულატორიული მომსახურება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. აღმოჩნდა, რომ შერჩეულ 75 კომპანიას ჯანდაცვის სექტორში შემოსავლების 63.6% და ჰოსპიტალიზაციების 69.4% წილი უკავია, 2019 წლის მონაცემებით.  ამ 75 კომპანიიდან  41 კომპანიის შემოსავლები არ აღემატება 10 მლნ ლარს, 30 კომპანიის შემოსავლები მერყეობს 10-დან 50 მლნ ლარამდე და მხოლოდ 4 კომპანიის შემოსავლები აღემატება 50 მლნ ლარს.

ჯანდაცვის ბარომეტრი აჩვენებს, რომ კომპანიების მომგებიანობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ზომის, მდებარეობის, სპეციალიზაციისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. გაანალიზებული კომპანიების საშუალო EBITDA მარჟა 2019 წელს 15.0%-ს, წმინდა მოგების მარჟა კი 4.0%-ს შეადგენდა, ეს უკანასკნელი ბევრად ჩამორჩება საქართველოს ეკონომიკის ბიზნეს სექტორის საშუალო მაჩვენებელს (11%). 

2019 წელს ზარალზე გავიდა სამედიცინო კომპანიების 29%, 2018 წელს კი  - 26%. ზარალზე გასულ კომპანიებს შორის არიან როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ზომის კომპანიები.

კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო კომპანიები ლიკვიდობის შესანარჩუნებლად ვალდებულებებს გვიან ისტუმრებენ. 

"სოციალური სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებისგან დებიტორული დავალიანების ხანგრძლივობა, დაბალი მომგებიანობის ინდიკატორებთან ერთად საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სექტორის ფინანსურ სტაბილურობას: 2019 წელს დებიტორული დავალიანების ბრუნვა საშუალოდ 3 თვეს შეადგენდა, კომპანიების მეოთხედისთვის კი 4 თვეს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებელს აუმჯობესებს ჯიბიდან გადახდები, რაც მომსახურების მიღებიდან მალევე ხდება, როცა 2019 წელს სოციალური სააგენტოს დავალიანების ხანგრძლივობა 5-6 თვეს აღწევდა. ამ პრობლემას კომპანიები სავაჭრო და სახელფასო ვალდებულებების გასტუმრების ვადის გახანგრძლივებით აბალანსებენ: 2019 წლის მონაცემებით სავაჭრო ვალდებულებების ბრუნვა საშუალოდ 258 დღეს, სახელფასო ვალდებულებების ბრუნვა კი 43 დღეს აღწევს," - აღნიშნულია ჯანდაცვის ბარომეტში. 

ჯანდაცვის ბარომეტრი აჩვენებს, რომ სექტორის ძირითადი მოთამაშეების მიმდინარე და სწრაფი ლიკვიდობის კოეფიციენტების საშუალო მაჩვენებლები 1-ზე მაღალია, რაც ნიშნავს რომ მიმდინარე აქტივები მიმდინარე ვალდებულებებს აღემატება კომპანიების უმრავლესობისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აქტივების დიდი ნაწილი ლიკვიდური არაა. ლიკვიდობის უფრო კონსერვატიული ინდიკატორები, ფულის კოეფიციენტი და საოპარციო ფულადი ნაკადების კოეფიციენტი, მიუთითებენ, რომ საოპერაციო საქმიანობიდან დაგენერირებული ფულადი ნაკადები მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრებისთვის საკმარისი არაა კომპანიების ¾-თვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system