თავში

სამშენებლო ბიზნესი ხარჯს ვერ უმკლავდება

სამშენებლო ბიზნესი ხარჯს ვერ უმკლავდება
სამშენებლო ბიზნესი ხარჯს ვერ უმკლავდება

მშენებლობის ღირებულების ინდექსის გაძვირების შესახებ ,,საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები  report.ge-ს საშუალებით ემხმაურებიან. მათი შეფასებით, აბსოლუტურად ყველაფერზე გაზრდილია ფასი და ბიზნესი ხარჯს ვერ უმკლავდება, რის გამოც ახალ პროექტები პრაქტიკულად შეჩერებულია.

,,მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია დასაქმების შემცირებაც, რადგან მშენებლობების დიდი ნაწილი შეიძლება ვერც განხორციელდეს. 

,,მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა, რადგან ყველაფერი გაძვირდა: დენი, წყალი, საწვავი, არმატურა და სხვა. ფაქტობრივად არაფერი დარჩა, რომელსაც საფასო ცვლილება არ შეეხო, ბინების გარდა. გამოდის, რომ მშენებლების ხარჯი მატულობს, ხოლო მოგება მცირდება. საბოლოოდ ეს გამოიწვევს, რომ ახალი აღარ აშენდება. უკვე ისეთ ფასებზე გავედით, რომ მოგებაზე საუბარი ზედმეტიცაა. პირობითად, 1 კვ/მ-ის ფასი თუ 700 დოლარია და აქედან ხარჯი 670 დოლარს შეადგენდა, ხოლო 30 დოლარს თუ ვარიცხავდით მოგებას ანუ 10%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 10 დოლარს არ აღემატება ანუ  ხარჯი 690 დოლარამდეა. პრაქტიკულად აზრს კარგავს მშენებლობა, აღარაფერი რჩება. ეს გამოიწვევს, რომ საბოლოოდ მიწოდება შემცირდება. დასაქმებულების დიდი ნაწილი დაკარგავს სამუშაოს, რთული პროგნოზია. ერთადერთი კარგი გადაწყვეტილება მიიღეს სუბსიდიასთან დაკავშირებით და ისიც გააუქმეს. რაღაც სიკეთეს რომ მივაღწიოთ, ნაბიჯები წინასწარ უნდა გადაიდგას, ჩვენს სფეროში მსგავსი არაფერი ხდება. მეტიც, დღითიდღე უფასურდება ლარი, რაც დამატებით გვიქმნის პრიობლემას", - ამბობს როსტომაშვილი report.ge-თან.

დარგში მოსალოდნელ პრობლემაზე საუბრობს სამშენებლო კომპანია ,,ივერონის" დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი. მისი თქმით, ღირებულების ინდექსის ზრდის მიუხედავად, ბინებს ვერ გააძვირებენ, რადგან ამით მოთხოვნა, შესაძლოა, მინიმალურ დონეზე დაეცეს.

,,ბაზარზე ნეგატიური ტრენდი ჩამოყალიბდა. ეპიდემიამ ამ მხრივ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ფასები მატულობს, შესაბამისად იზრდება ხარჯი, ხოლო შემოსავალი უფრო და უფრო მცირდება, რამაც ახალი პროექტების განხორციელებაზე ხელი აგვაღებინა. ყოველ შემთხვევაში, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება, პერსპექტივა კი ჯერჯერობით უიმედოა.  სიტუაციაა იმდენად რთულია, რომ კომპანიებსაც კი უჭირთ ვალდებულებების შესრულება. მნიშვნელოვანდ გაზრდილია ხარჯი როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე გაზსა და წყალზეც.  საგრძნობლად გაძვირდა არმატურაც, ასევე სხვა საშენი მასალები. ეს გამოიწვევს, რომ დროა განმავლობაში, სამშენებლო კომპანიები ალბათ უფრო პატარა პროექტებზე გადავლენ, დიდი პროექტები გაჩერდება" - აცხადებს არჩილ ჯაყელი. 

საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში 2020 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 5.2 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.76 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 9.3 პროცენტიანი ზრდით, რაც 5.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system