თავში

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაშველად ძაღლები იმუშავებენ

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაშველად ძაღლები იმუშავებენ
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაშველად ძაღლები იმუშავებენ

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკა დაინერგება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ცნობით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (Austrian Development Agency) დაფინანსებით, დაიწყო ახალი პროექტის - „ზვავში გადარჩენილთა ძებნა: გაწვრთნილი მაშველი ძაღლები ზვავში დაშავებულთა გადარჩენის გარანტი” განხორციელება, რომლის მიზანი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის განმარტებით, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, თეთნულდსა და გუდაურში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკის დანერგვაა, რაც ზვავში დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შეამცირებს.

დაგეგმილია 2 ბელგიური ნაგაზისა და შესაბამისი საწვრთნელი აღჭურვილობის შესყიდვა, ასევე სპეციალურად გამოყოფილი სამაშველო სამსახურის პერსონალის გაწვრთნა კინოლოგის მიერ.

პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად საქართველოში დაინერგება ზვავში მაშველი ძაღლების წვრთნისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც, მთის კურორტების განვითარების კომპანიის შეფასებით, გაზრდის სამთო-სათხილამურო კურორტების მომსახურების ხარისხს სამაშველო-საზვავე უსაფრთხოების კუთხით და უზრუნველყოფს ზვავში დაშავებულთა დროულ ძებნასა და გადარჩენას.

„თეთნულდსა და გუდაურში ფრირაიდის (გაუკვალავი თოვლი) სათხილამურო არეალები მდებარეობს ზვავის რისკის ქვეშ, ზოგიერთ ფერდზე, შეიძლება მოხდეს როგორც მსუბუქი, ისე საშუალო ან მაღალი რისკის შემცველი სპონტანური ზვავის მოწყვეტა. მიუხედავად კვალიფიციური სამაშველო ჯგუფებისა და მაშველების მიერ ჩატარებული სამაშველო-სამძებრო სამუშაოებისა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ზვავში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში კი ვიზიტორებს არ გააჩნდათ შესაბამისი სპეციალური აღჭურვილობა, რაც ართულებს დაზარალებულის კონკრეტული ადგილის პოვნას,“ - მთის კურორტების განვითარების კომპანიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system