თავში

სამუშაო ძალის 20% გერმანიაში წასვლის მსურველია

სამუშაო ძალის 20% გერმანიაში წასვლის მსურველია
სამუშაო ძალის 20% გერმანიაში წასვლის მსურველია

გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე საქართველოსთვის გამოცხადებულ 1 ვაკანსიაზე 300 შრომისუნარიანი ქართველი მოდის. სპეციალისტების გათვლით, შრომის ფიზიკური რესურსის მქონე მოქალაქეების 20% ქვეყნიდან წასვლის მსურველია, რაც საქართველოს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს. როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი ბადრი რამიშვილი report.ge-თან ამბობს, სამუშაო ძალის 20%-ს თვალი ქვეყნიდან გაქცევისკენ უჭირავს, რაც უკვე ნიშნავს, რომ  ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს და ეკონომიკას არავინ მართავს.

,,საქართველოს მიწების ნახევარი დაუმუშავებელია და ამ დროს სამუშაო ძალა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დაკავებული და შრომას ეწევიან.ეს სიტუაცია რეალურად ძალიან მძიმე სიტუაციის მანიშნებელია. მდგომარეობა ნამდვილად დამაფიქრებელია, როცა თითქმის 100 ათასმა ადამიანი გერმანიაში წასვლის სურვილს გამოთქვამს. ეს არის საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის, 20%, ჩვენ, ფაქტობრივად, ეკონომიკა არ გვაქვს და არც ხელისუფლება ჩანს რაიმეს გამკეთებელი. უამრავი ფული იხარჯება და არ არსებობს სწორი აგრარული პოლიტიკა, სახელმწიფოს სწორი მხარდაჭერის პოლიტიკა, რომლის საფუძველზე შეიძლება სოფლის მეურნეობა განვითარდეს", - აცხადებს რამიშვილი.

ზოგიერთი მეცნიერი პარალელს იტალიურ კინემატოგრაფიასთან ავლებს და აცხადებს, რომ მაგავსი პრობლემის წინაშე იყო იტალია გასული საუკუნის 50-იან წლებში, როცა ქვეყანა სამუშაო ადგილების არნახულ დეფიციტს განიცდიდა.

,,საზოგადოების წინაშეა სერიოზული გამოწვევა, ძველ ბერძნებს ჰქონდათ გამოთქმა: ,,ჰანიბალი კარსაა მომდგარი".   შიმშილი, კრიზისი კარსაა მომდგარი და სიღარიბის დაძლევა ყველასთვის მთავარი უნდა იყოს, მამაშინ საერთო ენას გამოვნახავს საზოგადოების ყველა სპექტრი, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და ქვეყანას მეტად ვუშველით. რა მიმართულებით წავალთ და როგორ მოვახდენთ პროცესების განვითარებას, საზოგადოების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. ის, რომ სერიოზულ გაჭირვებაში ვართ, გერმანიაში გამოცხადებული ვაკანსიაც მეტყველებს. ერთ ვაკანსიაზე გერმანიაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა ფაქტობრივად უკვე გაუტოლდა იტალიური ნეორიალიზმის კლასიკად შერაცხული ჩეზარე ძავატინის ფილმში „რომი 11 საათზე“ (Roma ore 11, 1952 წ.) მბეჭდავ-მემანქანედ მუშაობის დაწყების მსურველთა რაოდენობას. იქ ასეთი სიუჟეტია: 1 ვაკანსია ცხადდება მბეჭდავი-მემანქანის პოზიციაზე და 200-მდე ახალგაზრდა გოგონა რომში ცდილობს ამ ერთადერთი სამსახურის შოვნას, თავისი ცხოვრების ოპტიმიზმს ყველა ამ ერთადერთ ვაკანსიას უკავშირებს. დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვართ", - ამბობს არჩვაძე.

თუმცა, სტატისტიკოსი ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ახასიათებს ოპტიმიზმი. 

,,ღმერთმა არ ქნას, რომ იმედი დავკარგოთ.  განწყობილი უნდა ვიყოთ, რომ ეკონომიკა გამოსწორების გზას დაადგება. ამის რესურსი ქვეყანას გააჩნია. მთავარია ჩვენი ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივი არ გადავიყვანოთ წმინდა პოლიტიკურ პლატფორმაზე და არ მივცეთ ისეთი მსვლელობა, რომელიც დაჩრდილავს ან სხვა მიმართულებით გადაიყვანს ქვეყნის განვითარებას", - დასძენს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში ქართველებისთვის ამჟამად 300-მდე ვაკანსია გამოიძებნა. იქ მუშაობის სურვილი კი საქართველოს 96 000-მდე მოქალაქეს აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოში ვაკანსიების რაოდენობის ეტაპობრივ ზრდას ელიან. სამმართველოში გამორიცხავენ ვაკანსიების რაოდენობის მსურველთა ოდენობასთან გათანაბრებას, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ ვაკანსიების ოდენობაც გაიზრდება და ათასებს გაუტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system