თავში

საწვავის ფასი ეპიდემიამდელ ნიშნულს უახლოვდება

საწვავის ფასი ეპიდემიამდელ ნიშნულს უახლოვდება
საწვავის ფასი ეპიდემიამდელ ნიშნულს უახლოვდება

იმპორტიორების ინფორმაციით, საწვავის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ მიუახლოვდება იმ ნიშნულს, როგორიც ეპიდემიამდე იყო. ამის შესახებ report.ge-ს კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ აცნობა. მისი ინფორმაციით, ეპიდემიამდე ფასი დაახლოებით 70-72 დოლარის ფარგლებში იყო ბარელ ნავთობზე და ახლაც მოსალოდნელია, რომ ამ მაჩვენებლებს მიუახლოვდეს, რის პარალელურადაც ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც მოსალოდნელია.

,,ბენზინის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად მატულობს და ეს ტრენდი სამომავლოდაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შენარჩუნდება. ფასმა ბოლო 3 თვეში დაახლოებით 30-35 დოლარის ფარგლებში მოიმატა. სერიოზული ზრდაა, რაც განაპირობებს იმპორტიორ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ნავთობპროდუქტების გაძვირებას. ამ დროისთვის საბითუმო ბაზარზე 1 ლ. ბენზინისფასი 2,50 ლარია, დიზელზე 2,40 ლარი ღირს. ასეთი მაჩვენებელი ბოლო 1 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ფაქტობრივად ეპიდემიამდელ ნიშნულს ვუახლოვდებით. რთული მომენტია, რადგან ფასების ზრდა მძიმედ აისახება ადამიანების მატერიალურ მდგომარეობაზე. 5-7-თეთრიანი ინტერვალით ბოლო 3 თვის განმავლობაში თითქმის 10-ჯერ გაძვირდა საწვავი, რთულ ზღვარზე ვართ“, - აცხადებს იაკობიძე.

რაც შეეხება ,,პლატცის ფასს“, ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, 1 ტონა ბენზინის შემთხვევაში, ფასი 666 დოლარია, ხოლო ამავე მოცულობის დიზელზე 554 დოლარს შეადგენს.

საწვავის გაძვირების ტენდენციაზე საუბრობს report.ge-თან  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი ვანო მთვრალაშვილი. 

,,ფასების ზრდისკენაა მიმართული, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს,  რაც საკამოდ მძიმე პროგნოზია. საწვავის ღირებულების ცვლილებაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნა-მიწოდებასთან ერთად, გავლენას ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი ახდენს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გადასახადებია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არ იცვლება", - ამბობს მთვრალაშვილი.  

ცნობისთვის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის 6 მაისის ვაჭრობის შედეგებით,  ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68.09 (- 0,87) დოლარი/ბარელზე;  ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 64,71 (- 0,92) დოლარი/ბარელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system