თავში

სავალდებულო ავტოდაზღვევასთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაა

სავალდებულო ავტოდაზღვევასთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაა
სავალდებულო ავტოდაზღვევასთან დაკავშირებით ისევ გაურკვევლობაა

ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ კანონპროექტი გვიანდება. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ამბობს, ამ დროს იგი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 2018 წლის ბოლოს შევიდა, თუმცა კანონდებლების ყურადღება ჯერჯერობით ვერ მიიპყრო.

ხეჩინაშვილის ვარაუდით, ყველა პირობაა, რომ კანონპროექტი წელს განიხილონ და უკვე 2022 წლიდან შევიდეს ძალაში.  წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, სადაზღვევო ბაზარი რეალურად ვერ განვითარდება.

,,სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებამდე მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია. ახლა ინდუსტრია გაძლებაზეა, რომ ამ კრიზისულ ვითარებას თავი დააღწიოს. აშკარაა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც ჩვენი ბიზნესის 50%-ზე მეტია უკავია, უკვე აღარ არის მომგებიანი შეიძლება ითქვას, რომ მოგება-წაგების ზღვარზეა. ვცდილობთ, რომ ინტენსიურ და კონკურენტულ გარემოში პოზიციები შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კიდევაც, ამისთვის კი ახალი პროდუქტების შეთავაზება ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველ წელს ველოდებით, რომ ავტომობილების მფლობელთათვის სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდება, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია. კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია და იმედია, წელს განიხილავს. ჩვენი ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივა ამაზეა დამოკიდებული", - ამბობს ხეჩინაშვილი report.ge-თან.
რაც შეეხება უკვე დაზღვეული მანქანების მოცულობას, არსებული მონაცემით, საქართველოში თითქმის 1,5 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული და აქედან, როგორც ხეჩინაშვილი აღნიშნავს, მხოლოდ 80 ათასია დაზღვეული ანუ 5-6%-ის ფარგლებში. 

,,ავტოდაზღვევა საერთაშორისოდ აღაირებული ნორმაა, ჩვენ ეს ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული, მაგრამ წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება. საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს დაზღვევის ვალდებულება, მანამდე სიტუაციის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. ეს გზა ყველა თანამედროვე სახელმწიფომ გაიარა.  ჯერჯერობით დაზღვევის დიდი წილი სწორედ კორპორატიული მანქანებია, სახელმწიფომ ისწავლა ამის გამოყენება, ბიუჯეტს ასტიმულირებს და კორპორაციული კლიენტებისთვისაც მისაღებია", - დასძენს ხეჩინაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით report.ge დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს დაუკავშირდა. მან, ფაქტობრივად, ვერაფერი გვითხრა, გარდა იმისა, რომ კანონპროექტის განხილვის ვადა ჯერჯერობით უცნობია და არ იცის, მოესწრება თუ არა წელს ამ საკითხის განხილვა და შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system