თავში

სებ-ის ოპტიმისტური სცენარით 2021 წელს ლარი დოლართან 5%-ით მყარდება

სებ-ის ​ოპტიმისტური სცენარით 2021 წელს ლარი დოლართან 5%-ით მყარდება
სებ-ის ოპტიმისტური სცენარით 2021 წელს ლარი დოლართან 5%-ით მყარდება

ეროვნულმა ბანკმა (სებ) მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის საპროგნოზო სცენარები გაასაჯაროვა.

ცენტრალური ბანკის საბაზო სცენარი ეფუძნება სებ-ის პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის (FPAS) მოდელს, ხოლო ალტერნატიული სცენარები - რისკ სცენარების ანალიზისთვის განკუთვნილმაკრო-ფინანსურ მოდელს.

საბაზო სცენარით ეკონომიკური აქტივობა 5%-ით შემცირდება.

რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, აქ სებ-ი ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას პროგნოზირებს. 

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წლიდან საბაზოსთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ამის საშუალებას, ცენტრალური ბანკის განმარტებით, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალურად უფრო უკეთესი შედეგები განაპირობებს, ვიდრე ეს საბაზო სცენარშია გათვალისწინებული. 

"კერძოდ, უმჯობესდება ვირუსის მართვის მიდგომები, ხოლო საერთაშორისო თანამშრომლობით ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინა მოსალოდნელზე ადრე ხდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. შედეგად, შესაძლებელი ხდება მაღალკონტაქტური ინდუსტრიების ამუშავება, რომლებმაც პანდემიის პირობებში ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიღო. გარდა ამისა, გაურკვევლობასთან დაკავშირებული შიში მცირდება და როგორც მომხმარებელთა, ასევე ბიზნესის განწყობა უმჯობესდება. ოპტიმისტურ სცენარში პანდემიის გავრცელების შენელება 2021 წლის დასაწყისშივე ხდება შესაძლებელი, რაც გაზაფხულიდან საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენის საშუალებას იძლევა. ამასთან, როგორც გლობალურად, ასევე რეგიონში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების სწრაფ აღდგენას განაპირობებს. გაუმჯობესებული მოლოდინების კვალობაზე იზრდება ადგილობრივი მოთხოვნაც. შედეგად, უმჯობესდება კომპანიების ფინანსური მდგომარეობა და დასაქმება, რაც,თავის მხრივ, ფისკალურ სექტორზე წნეხს არბილებს. ყოველივე ეს ამცირებს მაკროეკონომიკურ რისკებს და აუმჯობესებს მიმდინარე ანგარიშის პოზიციას, რაც,საბაზო სცენართან შედარებით, ქვეყნის რისკის პრემიის უფრო სწრაფ შემცირებაში აისახება,"  - ვკითხულობთ სებ-ის ოპტიმისტურ ეკონომიკურ სცენარში, რომლის მიხედხვით, 2021 წლიდან პანდემიის შემაკავებელი ზომების გაუქმებისა და ეკონომიკის უფრო სწრაფი გაჯანსაღების კვალდაკვალ კომპანიების საინვესტიციო აქტივობა და სამუშაო ძალაზე მოთხოვნა იზრდება.

"შედეგად, საბაზო სცენართან შედარებით მცირეა კრიზისის უარყოფითი გავლენა ეკონომიკის პოტენციურ ზრდაზე. საბაზო სცენართან შედარებით ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა 2021 წლიდან გამოშვების პოტენციურ დონესთან უფრო სწრაფ დაახლოებას უზრუნველყოფს და ზომიერ ინფლაციურ წნეხს ქმნის. თუმცა, ამ წნეხს გარკვეულწილად ანეიტრალებს შემცირებული ინფლაცია იმპორტირებულ საქონელსა და წარმოების შუალედურ ხარჯებზე, რასაც, თავის მხრივ, გაუმჯობესებული საგარეო ბალანსი განაპირობებს. უძრავი ქონების ლარში გამოხატული ფასების ზრდა 2020 წელს საბაზო სცენარის ანალოგიურია, ხოლო შემდგომ წლებში შედარებით ძლიერი მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მოლოდინების გათვალიწინებით უძრავ ქონებაზე ფასები ინფლაციის პროპორციულად იზრდება,

ოპტიმისტურ სცენარში აშშ-ის ფედერალური ბანკისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება საბაზო სცენარის ანალოგიურია. მიმდინარე ანგარიშისა და ზოგადი საბაზრო განწყობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსი, როგორც ეფექტური, ასევე აშშ დოლართან, გამყარების ტენდენციას აჩვენებს.

"სავალუტო ნაკადების მოსალოდნელი აღდგენის კვალდაკვალ, 2021 წელს ლარი აშშ დოლართან 5%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 5%-ით მყარდება. უფრო ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად, მონეტარული პოლიტიკა საბაზო სცენართან შედარებით უფრო დიდხანს ნარჩუნდება გამკაცრებულ რეჟიმში. საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური წნეხის შემცირების კვალდაკვალ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ დონეს უბრუნდება," - აღნიშნულია ცენტრალური ბანკის ოპტიმისტურ ეკონომიკურ სცენარში,

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system