თავში

სებ-მა საკოლექციო დანიშნულების ახალი მონეტა მოჭრა

სებ-მა საკოლექციო დანიშნულების ახალი მონეტა მოჭრა
სებ-მა საკოლექციო დანიშნულების ახალი მონეტა მოჭრა

ეროვნულმა ბანკმა ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლისა და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ახალი მონეტა მიუძღვნა. საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერები: ,,ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ჩვენი ევროპა"; "Our Rights, Our Freedoms, Our Europe"; "5 ლარი".

როგორც სებ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ერთიანი ევროპის შექმნის იდეა 70 წელზე მეტს ითვლის. თუმცა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქვეყნების გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო - შექმნილიყო ორგანიზაცია, რომელიც თავიდან აიცილებდა ტოტალიტარულ რეჟიმებს და უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის დაცვას.

,,1999 წელს, ევროპის საბჭოს შექმნიდან 50 წლის შემდეგ, საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის 41-ე წევრი ქვეყანა და დაიბრუნა ევროპის პოლიტიკურ რუკაზე თავისი ადგილი. საქართველოსთვის ამ, მეტად მნიშვნელოვან, მოვლენას სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელი. "მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" - ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ამ მოვლენიდან 20 წლის შემდეგ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზა დატანილი იქნა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ გახსნილ ვარსკვლავზე, იმ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების ვარსკვლავების გვერდით, რომელთაც ერთიანი, მრავალფეროვანი ევროპის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი მონეტა ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა და მისი ღირებულება 95 ლარია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება 1 ნოემბრიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system