თავში

სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებას ურჩევენ

სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებას ურჩევენ
სებ-ს რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებას ურჩევენ

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ცენტრალურ ბანკს ხისტი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.

ახალგაზრდა ეკონომისტები ლარის გაუფასურებაში კორონავირუსის ფაქტორს არ გამორიცხავენ, თუმცა სებ-ს მონეტალური პოლიტიკის გამკაცრებას ურჩევენ

"ფაქტია, რომ დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტა უფრო მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებენ. დღეს ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი პანიკური ფონია და ეროვნულ ვალუტაზე გადაცემაც მოლოდინების არხიდან მომდინარეობს. სწორედ ამიტომ, „აფბა“ მოუწოდებს ცენტრალურ ბანკს ხისტი მონეტარული პოლიტიკის გატარებისაკენ, რათა კურსი დაუბრუნდეს წონასწორობის იმ რეალურ ნიშნულს, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მაკროეკონომიკური პარამეტრებისგან," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„აფბა“ მიესალმება სებ-ის ქმედებებს, რომლის ფარგლებშიც ცენტრალურმა ბანკმა საერთო ჯამში 60 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა სავალუტო ბაზარზე. თუმცა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს არასაკმარისი იქნება ლარის კურსის რეალურ წონასწორობის ნიშნულზე დასაბრუნებლად.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ  კურსის გაუფასურებამდე, ზემოხსენებულ ინტერვენციებთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ უფრო მეტი ლარი მიაწოდა საპენსიო სააგენტომ კომერციულ ბანკებს. სწორედ ამიტომ, „აფბა“ ცენტრალურ ბანკს მოუწოდებს თანმიმდევრული და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმისკენ.

„აფბა“-ს რეკომენდაციაა სავალუტო ინტერვენციების პარალელურად მოხდეს ყოველკვირეული რეფინანსირების სესხების შემცირება კომერციული ბანკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლარი-დოლარის თანაფარდობის დარეგულირებას. 

"თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ზემოხსენებული ეგზოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირებულია უცხოური ვალუტის შემოდინება, რეკომენდირებულია იქნება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირება კომერციული ბანკებისთვის. ამ შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე კრიტიკულ მომენტში გამოთავისუფლდება უცხოური ვალუტის რესურსი, რაც ასევე პოზიტიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.ამ ინსტრუმენტების პარალელურად, „აფბა“ მიზანშეწონილად მიიჩნევს არაგეგმიური მონეტარული სხდომის მოწვევასაც. რომლის ფარგლებშიც, სწორი იქნება რეფინანსირების განაკვეთის 0.5% პუნქტით გამკაცრება. რასაც, როგორც მოკლევადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება კურსზე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდენს ნომინალური კურსიდან წამოსული წნეხის შემცირებას ინფლაციურ პროცესებზე," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system