თავში

სესხის აღება გამარტივდება

სესხის აღება გამარტივდება
სესხის აღება გამარტივდება

ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე ჯერ კიდევ მუშაობს. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მოსალოდნელი ცვლილებების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტები, რომელიც ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი, ორამდე შემცირდება.

ასევე უცნობია, როდის ამოქმედდება ახალი წესები. გვენეტაძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო რეგულაციების შედეგებიც შეჯამებისას აღნიშნა, რომ საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 15 პროცენტით გაიზარდა, ამასთანავე 2019 წლის ბოლოს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

,,გასული წელი იყო საკმაოდ კარგი, საკრედიტო პორტფელის ზრდამ 15 პროცენტს მიაღწია. საკმაოდ დიდი იყო ზრდა კორპორაციულ სექტორში – 30 პროცენტი, მცირე და საშუალო ბიზნესი – 18 პროცენტი და საცალო სესხები – 5 პროცენტი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თუ 2018 წლის ბოლოს მთელ საკრედიტო პორტფელში კორპორაციული სესხების წილი 31 პროცენტი იყო, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 34 პროცენტამდე გაიზარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი – 24,9 პროცენტიდან 25,5 პროცენტამდე, ხოლო საცალო სესხების წილი 44 პროცენტიდან 40 პროცენტამდე შემცირდა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე კორპორაციული სექტორები უფრო მეტ დამატებით ღირებულებასა და სამუშაო ადგილებს ქმნიან“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საცალო სესხებში იპოთეკური სესხების ზრდა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13 პროცენტი იყო, ხოლო აქედან ლარში გაცემული იპოთეკური სესხები გაორმაგდა.

ცნობისთვის, საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების შესახებ 2019 წლის დეკემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი. მისი მიხედვით, საბანკო რეგულაციებში ცვლილებები 2020 წლის მარტიდან არის მოსალოდნელი. 

შეგახსენებთ, საბანკო რეგულაციები 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, გამკაცრდა სესხის გაცემის პირობები, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხი აღარ გაიცემა, ამასთანავე განისაზღვრა ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით კრედიტის მომსახურების კოეფიციენტები, რომელიც ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი:

1.თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

2.თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

3.თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

4.თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.

როგორც დღეს კობა გვენეტაძემ დაადასტურა,  4 კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება, ახალი ლიმიტების პირობებში დაკრედიტებას სავარაუდოდ, ამგვარი ექნება (ჰეჯირებული მსესხებლებისთვის):

1.თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს)

2.თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს (რაც 1001 ლარის ხელფასის შემთხვევაში თვეში 600 ლარია, 2000 ლარის შემთხვევაში თვეში 1200 ლარი, 3000 ლარის შემთხვევაში თვეში 1800 ლარი, 4000 ლარის შემთხვევაში თვეში 2400 ლარი და ასე შემდეგ)


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system