თავში

სესხის გამცემი მცირე კომპანიები მომრავლდნენ

სესხის გამცემი მცირე კომპანიები მომრავლდნენ
სესხის გამცემი მცირე კომპანიები მომრავლდნენ

ფულის გასესხების მსურველთა რაოდენობა იზრდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების პარალელურად, სულ უფრო მეტად მომრავლდნენ ისეთი მცირე კომპანიები, რომლებიც სესხებს გასცემენ. საბანკო სფეროს ექსპერტების ინფორმაციით, მათ უკან თითქმის ყველა შემთხვევაში ლომბარდები ან კერძო პირები არიან, რომლებიც თავიანთი ნიშით ,,მევახშეებზე" მაღლა დგანან, თუმცა ვერც მისო-ების დონეს გაუტოლდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, ექსპერტი ლია ელიავა ქვეყანაში სესხის გაცემის პრობლემას ვერ ხედავს.

,,წვრილ სესხებს ბანკებიც გასცემენ და სხვა ფინანსური ორგანიზაციებიც. როგორც ვიცით, სებ-ის რეგულაციით, სესხის გაცემის პირობები გამკაცრდა. შესაბამისად, ბანკები ფინანსურ რესურსს ნაკლებად  გასცემენ. ეს ეხება მიკროებსაც, რჩებიან მევახშეები და სესხის გამცემი სუბიექტები, მათ შორის ლომბარდები, რომლებიც მთლად მიკროების დონეზე არ არიან, მაგრამ მევახშეებზე მაღლა დგანას. ფაქტობრივად, შუალედური რგოლია, შეიძლება ასეც ვუწოდოთ. ისინი ძირითადად კერძო პირები არიან, რომლებიც სესხის გამცემებს წარმოადგენენ და მოსახლეობის ფულადი მოთხოვნელებების დაკმაყოფილების მიზნით შეიქმნენ", - ამბობს ელიავა.

 რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მოსალოდნელია, რომ მათი რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ერთეულით შემცირდება.  საბანკო სფეროს ექსპერტი             მიხეილ თოქმაზიშვილი  ფიქრობს, რომ ბაზარზე საბოლოოდ მისო-ების ნაწილი დარჩება, რომელიც წარსულში და ახლაც გადახდისუნარიან სეგმენტს უწევს მომსახურებას.

„მიკროსაფინანსოები საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით მუშაობენ, რაც მათი ბაზრისთვის დამახასიათებელია. ეროვნული ბანკის რეგულაციამ კი, ცხადია, მათ    საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მათი ბრუნვა და გაცემული სესხები მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში      აღმოჩნდნენ და ბევრისთვის ეს პროცესი გაკოტრებით დასრულდა, როგორც რამდენიმე შემთხვევაში ხდება. ის ნაწილი კი, რომელსაც გადახდისუნარიანი სეგმენტი აქვს   აღებული,    საქმიანობას ჩვეულებრივ გააგრძელებს, ასეთი კი მიკროსაფინანსო ბაზარზე ძალიან ცოტაა", - ამბობს  თოქმაზიშვილი.

 საგულისხმოა, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაცია 18 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა. ეს მაშინ, როდესაც 8 თვეში სესხის  გამცემი უკვე 203 სუბიექტი დარეგისტრირდა. იანვარში, როდესაც ასეთ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა, თებერვალში კი რეგისტრაცია უკვე 75 -ს ჰქონდა გავლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system