თავში

შაფრანი - ყველაზე ძირადღირებული სანელებელი

შაფრანი - ყველაზე ძირადღირებული სანელებელი
შაფრანი - ყველაზე ძირადღირებული სანელებელი

შაფრანის წარმოება საქართველოში ეს-ეს არის ფეხს იდგამს. ზამბახისებრთა ოჯახის ამ მცენარის შესახებ, რომელიც ასევე ,,წითელ ოქროდ" იწოდება, ბევრი რამ არ არის ცნობილი. ამას განაპირობებს ისიც, რომ ფერმერებს მისი რეალიზაცია ქართულ ბაზარზე ძალიან უჭირთ. სარესტორნო ბიზნესი, რომელიც შაფრანის რეალური მომხმარებელია, გაჩერებულია, გადახდისუუნარო მოსახლეობას კი ამ მცენარის შესახებ არც ინფორმაცია აქვს და არც ფული ძვირი სანელებლის შესაძენად. 

პროდუქტი ევროპაში კარგად იყიდება, თუმცა კომუნიკაციის დეფიციტის გამო ამ უიშვიათესი კულტურის მწარმოებელს, გორში მცხოვრებ მერაბ ინასარიძეს, გაყიდვა ძალიან უჭირს.

რაც შეეხება ფასს,  1გრამი შაფრანი ადგილზე 5 დოლარად იყიდება, მაშინ როცა, ქართველი ფერმერის ინფორმაციით, ევროპულ ბაზარზე მისი ფასი 7-9  ევროს შეადგენს. მსოფლიოში იგი ყველაზე ძვირადღირებულ სანელებლად ითვლება.

,,წლევანდელმა მოსავალმა 750 გრამი შეადგინა, 1,5 ჰა-ზე მაქვს  40 000 ბოლქვია მაქვს გაშენებული. 2 000 ბოლქვი ჩამოვიტანე 5 წლის წინ საცდელად. პირველი სეზონი უამინდობას დაემთხვა, მთელი მოსავალი თაგვმა შემიჭამა, რომელიც ამ მცენარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია, პირწმინდად გაანადგურა.  ახლაც ძირითადი ბრძოლა ამ მავნებელთან მიხდება. შხამ-ქიმიკატებს არ ვაკარებ, სასუქებიც კი არ შემაქვს, ბიო-პროდუქტია, რომელიც 100%-ით პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს. 100 000 ბოლქვი უნდა ამოვიღო წელს, მიწაც უნდა შეიცვალოს, გადავრგო და აქედან 1 კგ.ზე ცოტა მეტი ნაყოფი შეიძლება მივიღო, 4-5 წელიწადში 4-5 კგ-მს ავიღებ. ანალიზს საფრანგეთის ლაბორატორიაში ვაკეთებ რამდენიმე კომპონენტზე, ძირითადად არომატსა და ფერზე. თითო ანალიზი 54 ევრო ჯდება.  წესით, რესტორნებმა უნდა მოიხმარონ ეს პროდუქტი, სარესტორნო სეგმენტისთვის გათვლილი სანელებელია. ევროპის ქვეყნებში ძალიან მოთხოვნადია. ამ დროს საქართველოში ამ მცენარის შესახებ ბევრმა არაფერი იცის, ფასიც შედარებით მიზერულია იმასთან შედარებით, რაც შაფრანი ევროპაში ღირს. 1 გრამი 5 დოლარად იყიდება ადგილზე. შარშან შვეიცარიაში, იქაურ სავაჭრო ობიექტში ჩავაბარე 10,5 დოლარად , სადაც შემდეგში ეს პროდუქტი 27 ევროდ გაყიდეს", - ამბობს report.ge-თან ფერმერი.  

მერაბ ინასარიძეს ამ ეტაპზე შაფრანი ექსპორტზე ვერ გააქვს. როგორც ამბობს, უცხოელი პარტნიორების ძიებაშია. ადრე აგაყიდვას საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავების დახმარებით ახერხებდა, რაც სხვადასხვა მიზეზით წელს ვერ მოხერხდა. 

,,საქართველოში მოთხოვნა არ არის, არც ინფორმაცია აქვთ შაფრანის შესახებ, შესაბამისად ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაცია ძალიან რთულია. იყიდება მიზერული რაოდენობით. თუმცა,  რაც პრესაში გავიდა სიუჟეტი წარმოების შესახებ, რამდენიმე ადამიანი დამიკავშირდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. აინტერესებთ, როგორ დარგონ, საიდან ჩამოიტანონ ნერგი და სხვა, ინტერესი გაჩნდა", - ამბობს ინასარიძე.

როგორც ფერმერი ამბობს, წარმოებასთან ერთად, შეისწავლა მცენარის მახასიათებლები, სასარგებლო თვისებები და უნიკალურობა, რითაც იგი მსოფლიო ბაზარზე გამოირჩევა. 

როგორც აღმოჩნდა, სასარგებლო თვისებების გამო, ზაფრანა ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთის ქვეყნების ფარმაცევტულ წარმოებაში. 300-მდე სამკურნალო საშუალება მზადდება მისი ექსტრაქტის გამოყენებით. ზაფრანას ექსტრაქტი შედის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების და თვალის წვეთების შემადგენლობაში.

ზაფრანის ნაყენი გამოიყენება როგორც მასტიმულირებელი საშუალება გულის დაავადებების, ლეიკემიის, სტენოკარდიის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, ურეთრიტის, ეპილეპსიური კრუნჩხვების დროს. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური, შარდმდენი, ანტისპაზმური, ანტებისსაწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ბაქტერიციდული საშუალება. ხსნის დაძაბულობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასს, ,,წითელ ოქროდ" წოდებული არომატული სუნელი ძირითადად ირანში მოჰყავთ. მსოფლიო ბაზრებზე ერთი კილოგრამის „შაფრანის“ ფასი დაახლოებით 3 500 აშშ დოლარიდან იწყება და 10 000 დოლარს აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system