თავში

შიდა ტურიზმი ძალებს იკრებს

შიდა ტურიზმი ძალებს იკრებს
შიდა ტურიზმი ძალებს იკრებს

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინაციის დაწყება კარგი საფუძველია იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორი გააქტიურდეს. როცა დარგის აღდგენაზეა საუბარი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია აქცენტს შიდა ტურიზმზე აკეთებს და report.ge-თან აცხადებს, რომ სეგმენტი ჯერჯერობით ნაკლებად განვითარებულია, რაც ტრადიციის არქონით არის განპირობებული.

,,მეოთხე კვარტალში, არც ვაქცინა გვქონდა და ეკონომიკაც დიდწილად ჩაკეტილი იყო, ადამიანები ქვეყნის შიგნით დასვენებას მაინც ახერხებდნენ, რაც დადებითი ფაქტორია. არსებული პრობლემის გამოსწორება სწორედ აქედან უნდა დაიწყოს. ახლა, როცა ვაქცინა გვაქვს, საფრთხე ნაკლებადაა, ამიტომ მიმაჩნია, რომ გახსნის გადაწყვეტილება დროულად იქნა მიღებული. ახალი რეალობა, ახალი გამოწვევებია, ასეა მთელ მსოფლიოში და ყველა შიდა ტურიზმზე არის ორიენტირებული, რაც სავსებით სწორი დამოკიდებულებაა. ძალების აღდგენა აქედან უნდა დაიწყოს, მაგრამ ჩვენთან ეს მიმართულება მაინც და მაინც პოპულარული არ არის. მთავარი პრობლემაა, რომ ტრადიცია არ გვაქვს. სტანდარტი ევროპულს მკვეთრად ჩამორჩება, როცა მიმზიდველობაზე ვსაუბრობთ, ინფრასტრუქტურაც შესაბამის დონეზე უნდა იყოს განვითარებული", - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

მისი თქმით, მიმდინარე პერიოდში შიდა ტურიზმში დიდი აქტიურობა ვერ იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ სექტორი მაღალხარჯიანია და ბევრი დასვენებას ვერ ახერხებს.

,,კარგია, რომ ზამთრის ტურიზმი ამუშავდა, ზარალს მცირედით დააკომპენსირებს, თუმცა ამაზე დიდ იმედს ვერ დავამყარებთ. მაღალი ხარჯის გამო ადგილობრივი მოსახლეობა მთიან კურორტებზე მაინც და მაინც აქტიური არ არის, განსხვავებით ზაფხულის სეზონისგან, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში.  ცხადია, შიდა ტურიზმი ძალებს შედარებით სწრაფად აღიდგენს, მაგრამ ეს არ არის დიდი მოგების მომტანი სფერო. წმინდა ტურისტული ქვეყნებიც კი, სადაც შიდა ტურიზმი მაღალ დონეზეა, 85%-მდე ზარალობენ და ჩვენ კიდევ მრავალი წელი ვერ გავუწევთ კონკურენციას", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

შიდა ტურიზმზე დიდ იმედს ამყარებს ტურიზმის სფეროს ექსპერტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი, რომელიც  report.ge-თან ამბობს, დარგს საგრძნობი გამოცოცხლება დაეტყო და წამყვანი სასტუმროების დიდი ნაწილი დატვირთულია. 

,,ზამთრის ტურიზმი უკვე მიილია ისე, რომ ნორმალურად მუშაობასაც ვერ ასწრებს, ამიტომ ზაფხულისთვის მეტი თადარიგი დაგვჭირდება წინასწარ, რომ სეზონს მომზადებული დავხვდეთ. პროგნოზი კი დამაიმედებებელია, ამას გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორიც ახლავს - ხალხი დაიღალა, გასვლას ცდილობს და ზაფხულში, როცა მასობრივი ვაქცინაც სავარაუდოდ, შესაძლებელი გახდება, შიდა ტურიზმი კიდევ უფრო გააქტიურდება. დარგში უკვე ბევრი კარგი ძვრაა, რაც გვაფიქრებს, რომ ტურიზმი ძალებს აღიდგენს", - აცხადებს ალადაშვილი.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.0 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 3.1 პროცენტით მეტია 2019 წლის მეოთხე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 610.8 ათასით განისაზღვრა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system