თავში

"შრომის კოდექსში" ცვლილებებს მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

"შრომის კოდექსში" ცვლილებებს მეორე მოსმენით
შრომის კოდექსში ცვლილებებს მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტოს წევრებმა II მოსმენით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას დაუჭირეს მხარი. 

დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა მოიცავს ცვლილებებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების დაცვის კუთხით - ეს არის ანტიდისკრიმინაციული ნორმების გამკაცრება, სტაჟირება, ცვლილებები დეკრეტული შვებულების კუთხით, სადაც მამის კომპონენტი შემოდის, ეს არის სამუშაო დროის რეგულირება, მათ შორის ღამის, დღის ზეგანაკვეთური შრომის და მისი ანაზღაურების საკითხი, თანამშრომლობა და კონსულტაცია სამუშაო ადგილებზე იმისთვის, რომ თანამშრომლობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის უფრო ჰარმონიული იყოს და პროცესები გაფიცვებამდე და კატაკლიზმებამდე არ მივიდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შრომის კოდექსში სანქციების კუთხით ჩადებული აღსრულების მექანიზმები და ასევე პაკეტში არსებული შრომის ინსპექციის კანონი, რომელიც დამოუკიდებელი, ძლიერი შრომის ინსპექციის ინსტიტუტის შექმნის საშუალებას იძლევა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის კანონის აღსრულებას.

„შრომის ინსპექციის ძლიერი უფლებამოსილება იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ პრევენციულად განვახორციელოთ ზედამხედველობა, ვგულისხმობ იმას, რომ მოულოდნელობის ეფექტი, რომ ნებისმიერ კომპანიაში ნებისმიერ დროს შეიძლება შევიდეს ინსპექცია, თავისთავად არის მთავარი იარაღი ინსპექციის, რომ ყველა კომპანია ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად შემოწმებისთვის. რაც ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს მაღალი შრომითი სტანდარტები თავიანთ კომპანიებში. ეს მოგვეხმარება იმაში, რომ შრომითი კულტურა გავაუმჯობესოთ, შრომითი ურთიერთობები ორგანიზაციებსა და კომპანიებში იყოს გაცილებით უკეთესი, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეული დასაქმებულის შრომითი ნაყოფიერება და ეფექტურობა იყოს გაცილებით მაღალი - ეს არის თანამედროვე ევროპული ქვეყნების საფუძველი, სადაც საქმიანობის მოტივაცია დასაქმებულს აქვს ისეთივე მაღალი, როგორც კომპანიის მეპატრონეს და დამფუძნებელს, ან მაღალი თანამდებობის პირს“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, კანონპროექტის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს შრომის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების თვალსაზრისით. არსებული გამოწვევების, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების გათვალისწინებით საქართველოს შრომის კანონმდებლობა უფრო დაუახლოვდება ევროპული კავშირის დირექტივით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO-ს) კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტებს.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით, საქართველო შეასრულებს „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა არიან

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, თითქმის წელიწადნახევარი გრძელდებოდა და მის განხილვაში ჩართულნი იყვნენ როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system