თავში

რა ღირს მუშახელი სოფლებში - Exclusive

რა ღირს მუშახელი სოფლებში - Exclusive
რა ღირს მუშახელი სოფლებში - Exclusive

რეგიონებში იაფ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ,  საჭიროების შემთხვევაში, ოჯახებს სასოფლო-სამეურნეო საქმეებზე დამხმარის შოვნა მაინც უჭირთ. Report.ge- ს მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, რომ არის სოფლები, სადაც მუშახელის ლოდინს, მოსახლეობის სიმცირის გამო, შეიძლება რამდენიმე კვირაც დასჭირდეს. ზოგ შემთხვევაში, სოფელი შეიძლება მჭიდროდ დასახლებულია, მაგრამ ხალხი ამ ტიპის სამუშაოს შესრულებას გაურბის. დაქირავებული მუშის მინიმალური ანაზღაურება 25 ლარია, მაქსიმალური კი – 50 ლარი. თუმცა, დღიური ქირა დაქირავებულთა ყოფით პრობლემებს ბოლომდე ვერ აგვარებს. 

შრომაზე უარს ამბობენ ისინიც, რომლებიც წინა წლებში რეგიონებში დადიოდნენ სხვადასხვა სამუშაოზე და ამით ირჩენდნენ თავს. თერჯოლის მკვიდრი ვახო ქავთარაძე ამბობს, რომ სამეგრელოს სოფლებში გლეხებს მოსავლის აღებაში ეხმარებოდა და მიღებული ჯამაგირი მისი ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო. ამჟამად მას საკუთარი სოფლიდან გასვლა სამუშაოს შოვნის მიზნით არ უწევს, რადგან ფიქრობს, რომ გაწეული შრომა ანაზღაურებას არ შეესაბამება.

,,შეიძლება, მთელი დღე იმუშაო და 25 ლარზე მეტი ვერ მიიღო. თუმცა სამეგრელოში მუშაობა უფრო სარფიანია, სეზონზე შეიძლება თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებში იმუშაო. მთავარია, მოსავალი იყოს. შარშან ფაროსანას გამო სამუშაოდ ვერ წავედი, მაგრამ წინა წლებში სისტემატურად ჩავდიოდი სამუშაოდ. ახლა მირჩევნია, სახლს მივხედო ან სადმე ახლომახლო სოფელში დავკავდე, თუკი საქმე გამომიჩნდება. სახლ-კარს თვეობით ვშორდები და ვერ ვიღებ იმდენ საფასურს, რომ ოჯახის საჭიროება დავაკმაყოფილო", - ამბობს იმერელი გლეხი.

გურიის რეგიონში ამბობენ, რომ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ ასეთი ადამიანის შოვნა სოფლებში თითქმის შეუძლებელია. ოზურგეთში, სოფელ შრომის მცხოვრებ დავით ბოლქვაძის თქმით, ახალგაზრდების უმრავლესობა სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში გარბის და ადგილზე სერიოზული დეფიციტია.

,,ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ფულს გადაუხდი და დამხმარედ დაიქირავებ, ხალხი არ დარჩა სოფელში. თითო დღის შრომის საფასური საშუალოდ 25-30 ლარია, მაგრამ ამ ფასადაც ჭირს მუშის შოვნა, ხალხი სოფლებიდან გაიქცა. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ევროპაში წავიდა სამუშაოდ, უმეტესობა კი თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადის. არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ადამიანი ოჯახში დააკავოს. სოფელი კი შრომისუნარიან ახალგაზრდებს კარგავს", - ამბობს გურული გლეხი.

გაცილებით მძიმე ვითარებაა მთის რეგიონებში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიგი მდივნიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახს მუშახელი ქუთაისიდან ჩაჰყავს.

"სოფელი გორისუბანი იმდენად ცარიელია, რომ ზოგჯერ ხმის გამცემიც კი შეიძლება ვერ იპოვო. მთელ სოფელში 5 ოჯახია დარჩენილი, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. სახლის შეკეთება გადავწყვიტე, ხელობა თვითონაც მეხერხება, მაგრამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ გავაკეთებდი, ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხი ქუთაისიდან ჩამომეყვანა. ხან ტყიბულელ მუშებს ვქირაობთ და საოჯახო სამქეებს ასე ვუძღვებით. დღიური შრომის საფასური 30-50 ლარის ფარგლებშია, გაწეული შრომის მიხედვით, ცოტა არ არის, მაგრამ შრომა არავის უნდა. მთის კანონი შემოვიდა და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აქ დაბრუნებული არავინ მინახავს," - ამბობს გივი მდივნიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system