თავში

სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრის დეფიციტია

სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრის დეფიციტია
სოფლის მეურნეობაში კვალიფიციური კადრის დეფიციტია

აგრარულ სექტორში ვიწრო სპეციალობის კადრების დეფიციტია. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კადრი სულ რამდენიმეა, ხოლო კვალიფიციური სპეციალისტები საერთოდ არ ჰყავთ. 

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ აგრარული სპეციალობების სწავლების ფუნქცია უნდა გააძლიერონ რეგიონულმა უნივერსიტეტებმა. თუმცა დიდია ასევე პროფესიული კოლეჯების როლიც.

,,საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სპეციალობების სიმცირეა. ბოლო დროს აგრონომები გამოჩნდნენ, მაგრამ 2000-იან წლებში საერთოდ არ ხდებოდა ამ სპეციალობაზე ადამიანების გადამზადება. მოთხოვნა არ იყო. გარდა ამისა,  თითქმის ყველა ვიწრო სპეციალობის მქონე კადრი დეფიციტია. ვინც ადრე მიიღო კვალიფიკაცია, 5-6 წელი არ გადამზადებულა და არც ახალი კადრი წამოსულა. მართალია, აგრარული და ზოოვეტერინარული ინსტიტუტები მცირე რაოდენობით უშვებენ სპეციალისტებს, მაგრამ ეს ტვირთი უნდა გადანაწილდეს რეგიონულ უნივერსიტეტებზეც და აამოქმედონ ისეთი პროგრამები,  რაზეც მოთხოვნაა - ბიზნესის, ტურიზმის, სამართლის და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს, ვთქვათ, თელავისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებზე, სადაც ვიზრო სპეციალობის კადრებს მოამზადებენ. 2 ან 3-წლიანი პროგრამით ამზადებენ სპეციალისტებს და ამით ადამიანი აკადემიურ ცოდნას ვერ იღებს. ცხადია, ეს არ ამცირებს პროფესიული კოლეჯების როლს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პარალელურად ეს მიმართულებაც განვითარდეს", - აცხადებს პაატა აროშიძე.

მისი თქმით, დეფიციტურია ისეთი სპეციალობები, როგორიცაა ზოოვეტერინარი, მეღვინე, მექვევრე, მებოსტნე, ბიოინჟინერი, აგრონომი და სხვა, სადაც კადრი კადრი ძნელად ან თითქმის არ მოიძებნება, როცა დასაქმების პერსპექტივა დიდი აქვს. 

,,სპეციალისტების სერიოზულ დეფიციტს განვიცდით და დამსაქმებელს შესაბამისი კადრის ჩამოყვანა უცხოეთიდან უწევს, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მაინც და მაინც მიმზიდველი არ არის. ეს უკვე სოციალური პრობლემაა. მეღვინე ახლა გახდა დასაფასებელი პროფესია, მაგრამ მხოლოდ გამოცდილებით და არა - აკადემიური განათლებით. ფუნდამენტური ცოდნა ამ მხრივ არ აქვთ ღვინის მარნების მეპატრონეებსაც კი, რომლებიც მამა-პაპათა დანატოვებ საქმიანობას აგრძელებენ. ამას უნდა მიხედოს სახელმწიფომ და სპეციალური პროგრამები შექმნას. სასურველია, რომ სწორედ სოფლად ცხოვრებასთან დაკავშირებული პროფესიები ფინანსდებოდეს. ამ თვალსაზრისით, მეცხოველეობას დიდი პერსპექტივა აქვს და ამ სფეროში დასაქმების შესაძლებლობაც მეტია. სამწუხაროდ, ამას არავინ ითვალისწინებს და ყველა ოჯახი ცდილობს ისეთი განათლება მისცეს შვილს, რომელიც ქალაქში დამკვიდრების შესაძლებლობას გაუჩენს. ამასობაში სოფლის როლი კნინდება და დოვლათი არ იქმნება", - ამბობს აროშიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system