თავში

სოსო არჩვაძე: ბურთი მთლიანად "ფრონტერას" მხარესაა

სოსო არჩვაძე: ბურთი მთლიანად "ფრონტერას" მხარესაა
სოსო არჩვაძე: ბურთი მთლიანად ფრონტერას მხარესაა

სოსო არჩვაძე უცხოურ მედიაში, Houston chronicle -ში, „ფრონტერასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაზე პოსტს აქვეყნებს.

„ქართული მხარის მაღალი საინვესტიციო რეპუტაცია, ეკონომიკური გარემო დასტურდება იმითაც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2020 წლის კვლევით საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გაუმჯობესდა და 180 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს ვიკავებთ. სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, „ბურთი მთლიანად „ფროტერას“ მხარეზეა“, - წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ეკონომიკური ექსპერტი.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საჯაროდ, არაორაზროვნად, ამასთან, მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ამერიკული და ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია საქართველოში სრულად დაცულია.

„ნავთობის ამჟამინდელი მთლიანი მოპოვება საქართველოში რეკორდული, 1983 წლის დონის დაახლოებით 1.5 პროცენტია და ბოლო წლებში „სამაგალითო სტაბილურობით“ გამოირჩევა. ამ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ ქართული მხარის გამარჯვებას ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ საფუძვლად სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო - ის, რომ კომპანიამ ვერ დაამტკიცა, რომ იმაზე მეტი ნავთობისა და გაზის მოპოვება იყო შესაძლებელი, ვიდრე იყო მოპოვებული საბჭოთა დროინდელ ნავთობის საბადოებში. როგორც ქართული ანდაზა ამბობს, „ცუდი შემნახველი ქურდზე უარესია“. თუ მის პერეფრაზირებას მოვახდენთ, „ცუდი ინვესტორი - კონკურენტზე უარესია“. - დიახაც, როდესაც წლების მანძილზე კომპანია სარგებლობს სახელმწიფოებრივი პრეფერენციებით, შედეგი კი არ ჩანს საქართველოში მოპოვებული ნავთობი, მოხმარების მასშტაბებიდან გამომდინარე, ახალი წლის დადგომიდან 10 იანვრამდე თუ ეყოფა ქვეყანას, ხოლო გაზისა - კიდევ უფრო ნაკლებად - ახალი წლის დადგომიდან დილის 9 საათამდე , რა უნდა ვიფიქროთ? ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე, მისთვის „ეკონომიკური მაზოხიზმი“ მიუღებელია. და თუ ასეთი ბიზნესი მაინც ჯიუტად, „სიზიფეს შრომას“ ეწევა, თანაც ლობისტებზე საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს (ლობისტურ კომპანიაში 2019-2020 წლებში „ფრონტერას“ მიერ უკვე დახარჯულია 244 ათასი აშშ დოლარი) ძალაუნებურად გიჩნდება აზრი, ხომ არ არის ეს იმ გარე ძალების სტრატეგიული ინტერესის საგანი, რომლებსაც საქართველოში „დიდი ნავთობის“ (და გაზის) მოპოვება არ აწყობთ?! მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ აძლევს შანსს „ფრონტერას“, ინარჩუნებს კონტრაქტს მასთან საქმიანობის გასაგრძელებლად საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საჯაროდ, არაორაზროვნად, ამასთან, მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ, ჯერ ერთი, ამერიკული და ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია საქართველოში სრულად დაცულია და მეორეც, იგი მოქმედებს პრინციპით, რომლიდანაც შეიძლება პარალელი იქნას გავლებული ძველ რომაულ ხატოვან გამონათქვამთან: „კეისრის ცოლი ეჭვზე მაღლა უნდა იდგას“. - საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისათვის კატეგორიულად მიუღებელია, ჩრდილი მოადგეს მის საერთაშორისო საინვესტიციო, საქმიან, სამართლებრივ რეპუტაციას. ქართული მხარის მაღალი საინვესტიციო რეპუტაცია, ეკონომიკური გარემო კი დასტურდება იმითაც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე, ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის - The Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2020 წლის კვლევით, წინა წელთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება გაუმჯობესდა და 180 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს ვიკავებთ. ახლა, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, „ბურთი მთლიანად „ფროტერას“ მხარეზეა“, - წერს სოსო არჩვაძე.

„ჰიუსტონ ქრონიქალსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2016 წელს „ფრონტერას“ ხელმძღვანელმა პირებმა ფედერალური კამპანიებისთვის 180 000 აშშ დოლარზე მეტის მობილიზება მოახერხეს და თითქმის მთლიანი თანხა რესპუბლიკურ პარტიას მოახმარეს. იმავე პერიოდში კომპანია Frontera-მ თითქმის 500 000 აშშ დოლარი დახარჯა კონგრესში ლობისტურ საქმიანობაზე. 

სტატიის თანახმად, 2020 წლის მაისში ტეხასელი სენატორები ჯონ კორნინი და ტედ კრუზი სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და ხაზინის მდივანს სტივ მნუჩინს ჰიუსტონიდან ნაკლებად ცნობილი ნავთობკომპანიის სახელით წერდნენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში - საქართველოში - გაუარესებულ სიტუაციაზე.

სტატიის მიხედვით, კომპანია Frontera Resources საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტის გაწყვეტის პირას იყო. გაზეთს მოჰყავს კრუზისა და კორნინის ნათქვამი, რომ რაც კომპანია Frontera-ში ხდებოდა „გეოპოლიტიკური მნიშვნელობის“ იყო და რეგიონში რუსულ გავლენაზე მეტყველებდა, რითაც საფრთხე შეექმნებოდა შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოში „სტაბილურობისა და ენერგო-დამოუკიდებლობის“ ამოცანების მიღწევაში დახმარებასთან დაკავშირებით და დასავლური ორიენტაციის კონტექსტში. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს რა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც „ფრონტერას“ შეეხება, იქვე აცხადებს, რომ ორი თვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ კომპანია Frontera-ს საქმიანობის კონფისკაცია გადადო და ეს იმით განმარტა, რომ „კომპანიასთან დავის საქმეში სახელმწიფოს აბსოლუტურად მყარი პოზიციის მიუხედავად, მიუღებელია ჩრდილი მიადგეს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას“.

"ფრონტერასა" და საქართველოს მთავრობას შორის დავისა და ურთიერთბრალდებების დეტალები იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system