თავში

სოსო არჩვაძე: შრომის ბაზარზე სასწორის პინა გათანაბრდა

სოსო არჩვაძე: შრომის ბაზარზე სასწორის პინა გათანაბრდა
სოსო არჩვაძე: შრომის ბაზარზე სასწორის პინა გათანაბრდა

“საქართველოს ხელისუფლების 2013 წლიდან დაწყებულმა ძალისხმევამ დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების კუთხით უკვე გამოიღო თვალსაჩინო შედეგი და სასწორის პინა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ აშკარად ცალ მხარეს, დამსაქმებლის სასარგებლოდ, იყო გადახრილი, თანდათან გამოსწორდა და საკანონმდებლო დონეზე დამსაქმებელ-დასაქმებულის ინტერესები მაქსიმალურად დაბალანსდა," - ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე. 

მისი განმარტებით, შრომის განახლებულმა კანონმდებლობამ მოიცვა აგრეთვე რეგულაციები დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაშიც, განხორციელდა სრულუფლებიანი შრომის ინსპექტორატის აღდგენა. ამ ფაქტს, ექსპერტის აზრით, არა აქვს მხოლოდ შიდა, ქვეყნისმიერი გამოყენებითი ღირებულება, არამედ, საერთაშორისო მნიშვნელობის მატარებელიცაა ჩვენი ქვეყნისთვის. 

ექსპერტი გამოეხმაურა აშშ – ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელ ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველო აშშ–სთან GSP სისტემით დაწესებული სავაჭრო შეღავათებით ვეღარ ისარგებლებდა, თუკი ვერ მოხდება საქართველოს შრომის კოდექსის საერთაშორისო კანონმდებლობასთან დაახლოება. არადა GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) შექმნილია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით და 119 ბენეფიციარ ქვეყანასა და ტერიტორიას შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს 3500 დასახელების საქონლის აშშ-ში ექსპორტი საბაჟო გადასახადის გადახდის ვალდებულების გარეშე. აღნიშნული უპირატესობის შესანარჩუნებლად ბენეფიციარი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ 15 კრიტერიუმს.

„საქართველოს, ფაქტობრივად, გაუჩნდა ისტორიული შანსი, რომ არა მარტო შეინარჩუნოს სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით მოსარგებლე ქვეყნის სტატუსი, არამედ დაიწყოს ახალი ეტაპი აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის რობერტ ლაითჰაიზერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილში მიესალმება ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს, აღნიშნულ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას და GSP-ის კრიტერიუმთან საქართველოს შესაბამისობის განხილვა ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგით დასრულებას. რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, აშშ მისი სავაჭრო წარმომადგენელის სახელით გვპირდება, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით. შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ საქართველოსა და ამერიკის მრავალმხრივ სტრატეგიულ თანამშრომლობაში ჩვენი ქვეყნისათვის კიდევ ერთი, უაღრესად საინტერესო და პერსპექტიული მიმართულება იხსნება,“ – აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.

შეგახსენებთ, საქართველომ აშშ-სთან ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა. აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მომზადებული წლის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, წარმატებით გაიარა GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურა და ქვეყანა შეინარჩუნებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სარგებელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system