თავში

სოციალური რეკლამისთვის სივრცე თითქმის აღარ დარჩა

სოციალური რეკლამისთვის სივრცე თითქმის აღარ დარჩა
სოციალური რეკლამისთვის სივრცე თითქმის აღარ დარჩა

სოციალური რეკლამის ფუნქცია საქართველოში შესუსტებულია. როგორიც არ უნდა იყოს რეკლამის შინაარსი, პიარტექნოლოგ ელდარ პირმისაშვილის შეფასებით, მაინც კოიმერციულ ინტერესს შეიცავს ან დამკვეთის იმიჯის წარმოცენას ემსახურება. ამის მიზეზი, როგორც პირმისაშვილი report.ge-თან განმარტავს, სოციალური რეკლამის შესახებ კანონის არქონაა, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ტელევიზიები ასეთი რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ.

,,სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით საქართველოში დიდი პრობლემაა. ზოგადად, მთელ მსოფლიოში მოქმედებს კანონი და მკაცრად არის განსაზღვრული, რომ სოციალური რეკლამა უნდა იყოს არაკომერციული. საქართველოს შემთხვევაში, ასეთი მიდგომა ვერ ამართლებს. ყველა ბიზნესი ცდილობს, თავისი ბრენდის რეკლამიზაციისთვის გააკეთოს რაღაც, თავისი ქველმოქმედება გაასაღოს, როგორც სოციალური რეკლამა, რომელზეც ყველა ტელევიზია უარს ამბობს, მათ შორის, შეღავათიანი პირობებით განთავსებაზეც. ერთადერთი, სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება აქვს  საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ისიც ისეთ დროსა და ისეთი მოცულობით აშუქებს, რომ შედეგი რეალურად ვერ მოაქვს. რატომღაც სოციალური რეკლამა  საქართველოში მუდმივად ბიზნესის ინტერესებში ექცევა. მაგალითად, როცა ბანკი რარაც პროექტს იწყებს, მხოლოდ იმისთვის, რომ საიმიჯოდ ჩაეთვალოს. მსოფლიოში კომპანიები ამას აკეთებენ ისე, რომ  უკუმოგებაზე არ ფიქრობენ, მათი იმიჯის გვერდის ავლით ხდება", - ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

მისი თქმით, საქართველოში სოციალური მიმართულებისთვის მედიას ადგილი არ აქვს გამოყოფილი - ის მაინც იღებს ფულს შემკვეთისგან, რადგან კანონმდებლობის დონეზე არ არის განსაზღვრული სოციალური რეკლამის არსი. 

პიარტექნოლოგი საუბრობს იმაზეც, რომ ბოლო პერიოდში ბიზნესისთვის სატელევიზიო სივრცე განსაკუთრებით პოპულარულია, ინტერნეტთან შედარებით, რომლის სპეციფიკა განსხვავებულია.

,,ინტერნეტრეკლამის მომხმარებელს თავშივე სურს ინფორმაციის მიღება, რა სათქმელიც ბიზნესს აქვს. მაგალითად, ფასდაკლების აქციაზე, გეუბნება: 1+1 და ბოლოში ხსნის, რატომ არის ასე. მომხმარებელს შეუძლია, 4 წამში გათიშოს რეკლამა, ამიტომ ცდილობს, სათქმელი მოასწროს. სატელევიზიო რეკლამა ამას ბოლოში იტყვის, განსხვავებული მიდგომაა.  მთავარია ის, რომ ბიზნესი და ყველა ტიპის ორგანიზაცია ინტეგრაციას ზრდის იქ, სადაც არის აუდიტორია ანუ მისი მომხმარებელი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა კონცენტრირდა ძირითადად ტელევიზიებზე, რადგან ამ საშუალებით ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის პირველი წყარო ტელევიზია გახდა და შემდეგ ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში", - აცხადებს ელდარ პირმისაშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით მეტია. 

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად სწორედ პანდემიას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system