თავში

თბილისის ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდა

თბილისის ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდა
თბილისის ბიუჯეტს შემოსავლები დააკლდა

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც თბილისის ბიუჯეტშია გაწერილი.

კახა კალაძის თქმით, მერიის პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ისე სატრანსპორტო პოლიტიკა, ეკოლოგია, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება. მისივე განმარტებით, მაქსიმალურად შეეწყობა ხელი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას.  ამ ყველაფერს კი, რა თქმა უნდა, ჭირდება ფინანსური რესურსები. 

ამიტომაც დღეს კალაძემ  ვიცე-მერისგან მოისმინა, რა მდგომარეობაა ბიუჯეტთან დაკავშირებით, როგორც ხარჯვით, ისე შემოსავლების ნაწილში.

ვიცე-მერმის, ირაკლი ხმალაძის თქმით, პანდემიის პირობებში, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მუნიციპალიტეტს სავარაუდოდ, საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის მეტად მობილიზება მოუწევს.

„ხარჯვითი ნაწილი ეფექტურად მიმდინარეობს. მივყვებით იმ გეგმას, რომელიც დამტკიცებულია, მაგრამ საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები, პანდემიის გამო, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თქვენი დავალებით, პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად ვამუშავებთ, გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ მოგვიწევს საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის კიდევ უფრო მეტად მობილიზება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა სრულად უპასუხოს წლევანდელ ფინანსურ გამოწვევებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერმა ყველა საქალაქო სამსახურს, განსაკუთრებით კი ქონების მართვის სამსახურს სთხოვა, მოიძიოს ყველა შესაძლებლობა, რათა საპრივატიზაციო გეგმა შესრულდეს და მაქსიმალურად დაბალანსდეს ის დანაკლისი, რაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილშია.

„ეს ყველაფერი აისახება ქალაქზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ პროგრამებზე, რაც გვაქვს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ამიტომ მაქსიმალური მუშაობა გვმართებს, რათა შემოსავლები როგორმე გავზარდოთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ქალაქს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება მუნიციპალიტეტის და ხელისუფლების თანადგომა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system