თავში

თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების საპრევენციო მექანიზმს შეიმუშავებს

თბილისის მერია
თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების საპრევენციო მექანიზმს შეიმუშავებს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, სამშენებლო კომპანიებისგან მოქალაქეთა დაზარალების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საპრევენციო მექანიზმის შექმნა დაავალა.

კახა კალაძემ კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა პრობლემის გადაჭრის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაშიც არსებობს.

"დღეს საქართველოსი არსებული პრაქტიკით იწყება სამუშაოები და იწყება ჰაერის გაყიდვა, იმ ბინების, რომლებიც უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და გვყავს დაზარალებული ოჯახები. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, იქნებ შევიმუშაოთ და მოვიფიქროთ მექანიზმები. შეიძლება ბანკიც შემოვიყვანოთ, შეიძლება საგარანტიო თანხების დადება მოვთხოვოთ სამშენებლო კომპანიებს. შემდეგ ისე ხდება, რომ ვიღაც გაიქცევა, ფულს მოიპარავს და ეს ადამიანები რჩებიან მოტყუებული, მერე ზოგი მიდის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ზოგიც მუნიციპალიტეტში დახმარებისათვის. ძალიან რთულია ასეთი პრობლემის მოგვარება. შევიმუშაოთ ისეთი მექანიზმი და გადმოვიტანოთ ისეთი მაგალითები, რომ ეს პრობლემა თავიდან იყოს აცილებული და თავიდანვე ვიყოთ დაზღვეულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2500-მდე ოჯახს, თბილისის მერის განცხადებით, გაფორმებულია ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია m2-თან, რომლის საფუძველზე მშენებლობები დაიწყება და მათი დასრულების შემდეგ, თითოეული ოჯახი ბინას მიიღებს. 

თბილისის მერის, კახა კალაძის, ინფორმაციით, m2-სა და "სვეტს" შორის გაფორმებულია ხელშეკრულება და როგორც კი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობები შესრულდება, მაშინვე მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system